თავში

ჯარიმები იზრდება - იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯარიმები იზრდება - იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯარიმები იზრდება - იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის თანახმად, წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები ახლებურად ყალიბდება. ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system