თავში

კახი კავსაძე გარდაიცვალა

კახი კავსაძე გარდაიცვალა
კახი კავსაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობდა.

მსახიობს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი საავადმყოფოში დაბრუნება გახდა საჭირო. 

საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი კახი კავსაძე, 1935 წელს თბილისში დაიბადა. 

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. აღსანიშნავია მისი თეატრალური როლები: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან. 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. კახი კავსაძემ გამორჩეული სახეები შექმნა კინოფილმებში: „მზე შემოდგომისა“ (სამსონი), „ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი), „ნატვრის ხე“ (იორამი), „მონანიება“ (მიხეილ კორეშელი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (დონ კიხოტი).

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 

2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system