თავში

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა
ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზვიდ კვაჭანტირაძე ავრცელებს.

"თამაზ კვაჭანტირაძე აღარ არის. 81 წლის იყო...წლებია, კაცურად ებრძოდა ვერაგ დაავადებას...

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი... 

სიტყვები უძლურია გადმოვცე, რასაც ახლა განვიცდი. ყველაფერმა ჩამირბინა თვალწინ. რა დამავიწყებს მის ამაგს, მის სიკეთეს, გვერდში დგომას, ჯერ კიდევ ბავშვობიდან... რა დამავიწყებს მის, განსაკუთრებულად სიტყვაკაზმულ საუბრებს, შეგონებებს... დიდი ქართველი დავკარგეთ, ჩვენი ჭირის და ლხინის გამზიარებელი, საქართველოს ჭეშმარიტი მითურმხილველი, უდიდესი მასწავლებელი და მოღვაწე.

გულით გისამძიმრებთ მთელს ოჯახს, ჩემო ძვირფასებო და გისამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ დიდებული ადამიანის სახელი, რომელმაც ასე უზომოდ შეგვაყვარა მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა, ჩვენი ისტორია და დაგვიტოვა ყველაზე დიდი ვალდებულება, მუდმივად აღსასრულებლად - მოვუაროთ საქართველოს," - წერს ზვიად კვაჭანტირაძე Facebook-ზე. 

თამაზ კვაჭანტირაძემ 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1963-2006 წლებში იყო ახალი ქართული ენის კათედრის თანამშრომელი. 1978-1990 წლებში ჟურნალის - „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ („ბალავარი“) რედაქტორი; 1975-1990 წლებში ავტორი და წამყვანი საავტორო ტელეციკლისა „ტელეციკლი ქართულ ენასა და ლიტერატურაში“, 2002-2004 წლებში „მოგზაურობა სასიტყვეთში“; 1993-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 2000-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის უფროსი. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები“.

არის ავტორი წიგნებისა: „მსგავსებითი შედარება ქართულში“ (1977), „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ (2002), „მოგზაურობა სასიტყვეთში“ (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „მსგავსებითი შედარება ქართულში“, დაიცვა 1978 წელს.

არის ღირსების ორდენის კავალერი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system