თავში

"ხაჭაპური თავდამსხმელმაც შეჭამა" - როგორ აღმოჩნდა ხაჭაპური ბანკში

"ხაჭაპური თავდამსხმელმაც შეჭამა" - როგორ აღმოჩნდა ხაჭაპური ბანკში
ხაჭაპური თავდამსხმელმაც შეჭამა - როგორ აღმოჩნდა ხაჭაპური ბანკში

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძევლად მყოფი ირაკლი კვარაცხელია ამბობს, რომ მძევლებთან ერთად ხაჭაპური თავდამსხმელმა თავადაც შეჭამა. 

ბანკის შენობაში განვითარებულ მოვლენებს კვარაცხელია  report.ge-თან იხსენებს.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ხაჭაპურთან დაკავშირებით ნაწილობრივ მართალია, თუმცა ის არა მძარცველის, არამედ ერთ-ერთ მძევალს აღმოაჩნდა. სწორედ მან შესთავაზა ყველას და გაუნაწილა, მათ შორის მძარცველსაც.

"ხაჭაპური მძარცველს არა, თუმცა ერთ-ერთ მძევალს ნამდვილად ჰქონდა და ამდენხნიანი იქ ყოფნის შემდეგ ამოიღო და შემოგვთავაზა ყველას, მათ შორის მძარცველსაც. რა თქმა უნდა, ყველა მძევალს არ ჰქონდა ხაჭაპურის მირთმევის თავი, თუმცა თავად თავდამსხმელმა ხაჭაპურის ერთი ნაჭერი მიირთვა"- განაცხადა მძევალმა report.ge-თან საუბარში

კვარაცხელია ასევე იხსენებს, როგორ მოახერხა შენობის დატოვება მძევლების ნაწილმა.

"პირველმა ნაკადმა, რომელიც სახურავიდან გავიდა, მოახერხა გაქცევა, იმიტომ რომ პირველ სართულზე როგორც კი ატყდა სროლა, მეორე და მესამე სართულზე მყოფი თანამშრომლები და ბანკში მოსული ხალხი მიხვდა დაახლოებით, რაც ხდებოდა. მათ მოახერხეს სახურავიდან გასვლა. სახურავიდან გასასვლელი კარი საშვით იღებოდა და მგონი ერთს ჰქონდა ის საშვი მხოლოდ. ის ადამიანი როგორც კი მოხვდა კართან, გააღო და ხალხი, ვინც მასთან ერთად იყო გაიყვანა. თავდამსხმელმა კი 5-6 ადამიანი გამოუშვა თავად. ორი იყო ორსული, ერთი მოხუცი ქალბატონი ჯოხით, ერთი მოხუცი კაცი იყო, რომელსაც გულზე ეკიდა ხელი, ერთს დიაბეტი ჰქონდა და კიდევ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ისტერიკაში იყო და ვერანაირად ვერ წყნარდებოდა." - განაცხადა კვარაცხელიამ report.ge-სთან. 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა მძევლებს ხაჭაპური აჭამა. ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი წერდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვისი იყო ხაჭაპური. 

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system