თავში

ხელისუფლების გასაკეთებელს ისევ ხალხი ვაკეთებთ - გიგა მაქარაშვილი

ხელისუფლების გასაკეთებელს ისევ ხალხი ვაკეთებთ - გიგა მაქარაშვილი
ხელისუფლების გასაკეთებელს ისევ ხალხი ვაკეთებთ - გიგა მაქარაშვილი

ისე როგორც აქამდე ხდებოდა ხელისუფლების გასაკეთებელს ისევ ხალხი ვაკეთებთ", - ამის შესახებ მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა უკრაინის საელჩოსთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე განაცხადა.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ვერ ახერხებს ხელისუფლება, რომ სოლიდარობის რაიმე ფორმით დაუდგეს გვერდში მეგობარ ქვეყანას.

"სირცხვილია, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ასრიალდა, კიდევ ერთხელ ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე იმიტომ, რომ სხვა თუ არაფერი 2008 წელი გვახსოვს, როცა დაბომბვის საშიშროების დროს დედაქალაქის ცენტრში იდგა უკრაინის პრეზიდენტი და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენს უსაფრთხოებას.

მაშინ, როცა უკრაინას ავტოკეფალიაც კი არ მიულოცა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ვერ წაიკითხა ერთგვერდიანი ტექსტი. მაშინ, როცა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში არანაირი დადებითი წინსვლა არ ყოფილა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში, მეტიც, ერთი წელია გამოწვეული გვყავს ელჩი, სამწუხაროდ მაშინ, როცა უდიდესი ჯარი გადასხა რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე და ყოველ წამს ველოდებით როდის აფეთქდება იქ სიტუაცია, ახლაც კი ვერ ახერხებს ხელისუფლება, რომ სოლიდარობის რაიმე ფორმით დაუდგეს გვერდში მეზობელს და ძალიან ახლო მეგობარ ქვეყანას. ისე როგორც აქამდე ხდებოდა, ხელისუფლების გასაკეთებელს ისევ ხალხი ვაკეთებთ, ისევ ჩვენ მოვედით. 

როგორც მაღალი კულტურის ერს შეეფერება, გამოვიდა ელჩი, შეგვხვდა და მადლობა გადაგვიხადა, რაც ნიშნავს, რომ ვერ გააფუჭებს "ქართული ოცნება" ქართველებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობას.

უკრაინელების შემდეგ, რიგში ჩვენ ვართ ხოლმე, როგორც წესი, ან ჩვენით იწყებს ხოლმე რუსეთი და მერე უკრაინელებით აგრძელებს, როგორც მინიმუმ ამაზე მაინც უნდა ჰქონდეს რამე რეაქცია ქვეყანას.  უკრაინის ამბავი თუ გაუვიდა რუსეთს, მერე ძალიან მარტივად გადაირბენს საქართველოზე.

არ შეიძლება ასე გაგრძელება იმიტომ, რომ საგარეო ვექტორი ისე მოირღვა და ჩრდილოეთისკენ ისე გადაიღუნა, რომ კატასტროფის წინაშე ვართ, ყოველდღიურად ვხედავთ როგორი მძიმე შეფასებები მოდის ევროპარლამენტარებისგან, დასავლეთისგან, რომ საქართველო ასცდა უკვე ევროატლანტიკურ კურსს და თუ დროზე არ ამოვიღებთ ხმას, მალე აღმოვჩნდებით რუსეთის გუბერნია", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა report.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ცეცხლი 10-ჯერ გახსნეს. იერიშის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ქვეყნის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system