თავში

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგი - ლომჯარია

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგი - ლომჯარია
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგი - ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო.

მისივე თქმით, პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება.

,,4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:

- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;

- დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;

- დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;

- პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;

- ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ცნობისთვის, სოფელ ნამახვანში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება მკვეთრად დაძაბულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება.

დღესვე, სოფელ ნამახვანში, სადაც აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, ის ტერიტორია დახნეს.

გუშინ, 11 აპრილს საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, სამართალდამცველებმა ნამახვანში აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.

უწყებამ გადაწყვეტილება ორი მიზეზით ახსნა - პირველ ეხებოდა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს, როცა ახალგაზრდა კაცი მდინარე რიონში შევიდა და დაიკარგა, ხოლო მეორე მიზეზად გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება დასახელდა, რომლის მიხედვითაც მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდებოდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ფორმით ცდილობენ ხელი შეუშალონ პროტესტს, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სოფელ ნამახვანში მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system