თავში

კილაძე ბასილაშვილის საქმეზე: უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვს

კილაძე ბასილაშვილის საქმეზე: უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვს
კილაძე ბასილაშვილის საქმეზე: უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვს

ამ საზოგადოებრივი დისკუსიების და ბევრი ლანძღვის ფონზე, მგონია, რომ ყველაზე მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სოფო კილაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

"მგონია, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რჩება ინტერნეტსივრცეში და როცა ეს ბავშვი გაიზრდება, გარკვეულ ასაკს მიაღწევს, დიდი ალბათობით მას მოუწევს ამ ყველაფრის წაკითხვა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ამ ბავშვის მომავალს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შევიკავოთ ამ ყველაფერზე ზედმეტად აჟიტირებისგან. რა თქმა უნდა, ქალთა მიმართ ძალადობა და ზოგადად, ძალადობა ჩვენს რეალობაში რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე, მე მგონი, საზოგადოების დიდი ნაწილი ვთანხმდებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ალბათ, აჯობებს, რომ ყველა ერთად, მთელი საზოგადოება გავუფრთხილდეთ ამ ბავშვს, ისევე როგორც ყველა ასეთი ტიპის საქმეებში ჩართულ ბავშვებს, იმიტომ, რომ ამ ბავშვების მომავალზე შეიძლება ამდენმა დისკუსიამ და ამდენმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ სერიოზულულად ცუდი გავლენა იქონიოს", - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა და ის ამ ეტაპზე თავისუფალია.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მტკიცებით, სპორტსმენმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი გარკვეული საგნით გამოეკიდა.

ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა 16 ივლისს ჩაინიშნა.

ბასილაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველი შეისწავლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system