კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ინიციატივით საერთაშორისო კონფერენცია "მედიის უსაფრთხოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს" გაიმართა.
ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" საზოგადოებას ხუთი ახალი წევრი წარუდგინა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "მედიის განვითარების ფონდი", "უფლებები საქართველო" და "მედიის უფლებები" კოალიციის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, ამ მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ კოალიცია უკვე 16 წევრის შემადგენლობით გააგრძელებს მედიის მხარდაჭერას და დაცვას.
კონფერენციის პარალელურად, კოალიციამ დაანონსა მისი წევრი, 16 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შეფასების გასაჯაროვება, რომელიც მომზადდა 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტების და ოპერატორების დარბევის ფაქტებზე.
"Მედიის პოგრომი: თბილისი, 5-6 ივლისი, 2021" ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს მედიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ანალიზს და სრულად მოიცავს ძალადობრივი მოვლენების ქრონოლოგიას. ამასთან შეფასებულია სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის კამპანიაში ჩართული ყველა მთავარი აქტორის როლი და მომზადებულია რეკომენდაციები მედიაზე ძალადობის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამომსვლელებმა ისაუბრეს ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების პირადი და საქმიანი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევის ფაქტებზე, იმსჯელეს ადვოკატირების კამპანიის გაძლიერებაზე, რაც მოიცავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტების გააქტიურებას. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები მზად არიან დაეხმარონ ჟურნალისტებს უკანონო თვალთვალის საქმეებთან დაკავშირებით.
საერთაშორისი კონფერენცია გაიმართა პროექტის -"ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Baltic Center for Media Excellence-ის მიერ.