თავში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსს მხარი დაუჭირა

კომიტეტმა ტყის კოდექსს მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ტყის კოდექსს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ამ კანონპროექტით ტყის მართვის რეფორმას ვუდებთ საფუძველს. თითოეული თქვენგანი, რომელთაც აქ ხედავთ - ჩვენი კომიტეტის წევრები, სხვა დეპუტატები, არასამთავრობო სექტორი - აქტიურად იყვნენ ჩართული კანონპროექტის განხილვის პროცესში. სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა კომენტარი, შენიშვნა ობიექტურობის და შესაძლებლობის ფარგლებში გაგვეთვალისწინებინა. იმედი მაქვს საერთო მხარდაჭერის. უმნიშვნელოვანესი კოდექსია, რომელიც არა მხოლოდ ტყის დაკონსერვებას, რაც ფაქტობრივად აქამდე გვქონდა და არასწორ მართვას, არამედ ტყის მოვლას და სწორ მართვას გეგმავს, როგორც სამეურნეო, ასევე სოციალური პრინციპებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დაწყებამდე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ტყის კოდექსი მოხსენიებულია ევროკომისიის ანგარიშში როგორც ერთ-ერთი პროგრესული რეფორმის ნაწილი, მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე. ტყის კოდექსის შემუშავების პროექტი მსოფლიო ბანკის ეგიდით განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მათ ამ პროექტზე ასევე გააკეთეს სოციალური და ეკონომიკური შეფასება, საიდანაც ამ კოდექსის 52-მა მუხლმა ძალიან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ხოლო დანარჩენმა - პოზიტიური.

ევროკომისიის ბოლო, 2019 წლის ანგარიშს გამოეხმაურა ძირითადი მომხსენებელიც - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი. მისი თქმით, ამ ანგარიშში, ფაქტობრივად ბოლო წლებში პირველად მოხდა მითითება ტყის კოდექსთან დაკავშირებით და აღინიშნა იმის თაობაზე, რომ მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრება. 

„გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამავე ანგარიშში მითითებულია ქვეყნის სერიოზული პროგრესი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში. ცხადია, ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა უახლოეს პერიოდში ჩვენ ბევრი კანონპროექტი და რეგულაცია გვაქვს მისაღები. მითითება ევროკომისიისგან იმის თაობაზე, რომ ტყის კოდექსის მიღება და მისი იმპლემენტაცია უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს, არის ერთ-ერთი ყურადსაღები საკითხი პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტი, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, შედგება პრეამბულის, 22 თავისა და 98 მუხლისაგან. კოდექსის ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2021 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system