თავში

კომუნიკაციების კომისია ნიკა გვარამიას არხისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე ხვალ იმსჯელებს

კომუნიკაციების კომისია ნიკა გვარამიას არხისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე ხვალ იმსჯელებს
კომუნიკაციების კომისია ნიკა გვარამიას არხისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე ხვალ იმსჯელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანია "მთავარისთვის" მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. საკითხის განსახილველად სხდომა ხვალ არის ჩანიშნული. სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა მაუწყებლობის უფლებას "რუსთავი 2"- ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დაფუძნებული კომპანია. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია "მთავარი" მაუწყებლობას 9 სექტემბერს დაიწყებს. უცნობია, რას გეგმავს არხის დამფუძნებელი ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში. report.ge-მ ამ ინფორმაციის მიღება ნიკა გვარამიასგან სცადა, თუმცა, ამ ეტაპზე, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

ცნობილია, რომ ტელეკომპანია "მთავარი" მაუწყებლობას, დროებით, ტელეკომპანია "იბერიას"  შენობაში დაიწყებს. გვარამიას თქმით, ისინი "იბერიას" ტექნიკასაც გამოიყენებენ. მანვე აღნიშნა, რომ არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა, მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის. გვარამიას თქმით, საინფორმაციო გამოშვებას "მთავარი ამბები" ერქმევა და ეთერში დღის გამოშვებებთან ერთად, საღამოს ცხრა საათზე გავა. არხის ჟურნალისტები, ტელეკომპანიის მიკროფონებით, გადაღებებზე გუშინ გამოჩნდნენ. 

გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც "რუსთავი 2"-ის ახალმა ამფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ასევე შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია 29 აგვისტოს მიანიჭა. კომისიის ინფორმაციით, თავდაპირველად შპს "ფორმულას", კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system