თავში

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინის" სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ "კავკასუს ონლაინის" სპეციალური მმართველი დანიშნა
კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინის სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი მარიამ სულაბერიძე თამარ ბოკუჩავამ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მარიამ სულაბერიძემ, რომელიც ამავდროულად კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია, თანამდებობის დატოვების თხოვნით კომისიას 12 აპრილს მიმართა. გადაწყვეტილება კი დღევანდელ სხდომაზე დაუკმაყოფილეს.

„სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაცია დღეს გაიარა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ 461 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის თანახმად სპეციალური მმართველი არ შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი სხვა კომპანიის დირექტორი. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა მარიამ სულაბერიძის განცხადების საფუძველი. მარიამ სულაბერიძე კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დანიშნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, „კავკასუს ონლაინის“ ახალ სპეციალურ მმართველს თამარ ბოკუჩავას, სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს.

„2017 წლიდან კომუნიკაციების კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. თამარ ბოკუჩავას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით (SHRM) ვოლონგონგის უნივერსიტეტში, დუბაიში. ასევე, ის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების, მეცნიერების ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის დოქტორანტია. თამარ ბოკუჩავას, საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2009-2011 წლებში ის თსუ-ს შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი იყო. დღემდე იგი თსუ-ს მოწვეული პედაგოგია და კითხულობს ლექციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს.

კომინიკაციების კომისიის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა და ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

„კანონის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშეა. მმართველს აქვს უფლება განახორციელოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს და პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები, ამასთან ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს მმართველთან. მმართველი ასევე უფლებამოსილია, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს“,- აღნიშნულია კომისიის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system