თავში

კრწანისის ტყე-პარკში ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

კრწანისის ტყე-პარკში ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
კრწანისის ტყე-პარკში ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

კრწანისის ტყე-პარკში გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნება. ამ ეტაპზე, ტყეპარკის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე, მიმდინარეობს მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომელიც მტკვრის წყალს ტერიტორიაზე მდებარე 8 ტბას და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის. 

კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო 100 კვტ. მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით, შემოიღობა ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა ფართობი. სამომავლოდ, დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა - დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ილესიმ მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ტერიტორია დაათვალიერა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხთან ერთად გარემოსდაცვითი განათლების საზოგადოებრივი ცენტრის შექმნის საკითხი განიხილა. 

„შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში, განიხილება ახალი პროექტის დაწყება, რომელიც რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გულისხმობს და ფარავს როგორც კრწანისის ტყე-პარკის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესების, ველური ბუნების სახეობების შესწავლის, მათ შორის, გენეტიკური კუთხით, და დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მხარდაჭერის მიმართულებებს, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერებაში მხარდაჭერას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა-განახლების გეგმის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ასევე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system