თავში

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე
დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს ბერლინიდან ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

,,ბერლინიდან, ტელეფონით ვესაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ქ-ნ თამილას. მინდოდა მისთვის პირადად, კიდევ ერთხელ, მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბ-ნ ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში, დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი ავლენს ამ კრიტიკულ მომენტში, მართლაც ფასდაუდებელია.

ჩემის მხრივ, დავარწმუნე ქ-ნ თამილა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი მეუღლის დასახსნელად. ჩემი ყოველი სამუშაო დღე იწყება ამ საკითხით და ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გავმართე და რომელსაც გავმართავ, საუბრის მთავარი თემა სწორედ ბ-ნ ვაჟას უკანონო დაკავებაა.

ბუნებრივია, ამ საკითხზე ვისაუბრე ბერლინში გამართულ ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემს კოლეგასთან, ჰაიკო მაასთან. ქ-ნ თამილას გავაცანი გერმანული მხარის და ზოგადად, ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ისინი გმობენ მომხდარს და დაგვპირდნენ, რომ გამოიყენებენ ყველა შესაძლო მექანიზმს პრობლემის დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად.

მიმდინარე კვირა მართლაც დატვირთულია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ამბებით - საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, იგეგმება ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა და ა.შ. მაგრამ, მერწმუნეთ, არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი, ვიდრე ჩვენი თანამემამულეები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და ვიდრე მათ არ აქვთ უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა", - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციაულურ ქსელში.

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის ციხეშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა "თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system