
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში უკვე კორონავირუსის შიდა გადადება დაფიქსირდა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ექიმმა ჟურნალისტები გააფრთხილა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად, ისინიც ამ თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფში შედიან.
„შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია, რადგან კონტაქტების დადგენა ადვილია. შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ვისგან მივიღეთ არ ვიცით და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. საგანგებო სიტუაციების გამკაცრების მიზეზი ისაა, რომ შიდა გადაცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა“,-აცხადებს გოფოძე.
მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტიდან კორონავირუსის გადადების რისკი მაღალია, ამიტომ მოქალაქეებმა სიფრთხლე უნდა გამოიჩინონ და დაიცვან სოციალური დისტანცია.