თავში

მაქვს განცდა, რომ გავიღვიძებ და სიზმარი აღმოჩნდება - ცერცვაძე

მაქვს განცდა, რომ გავიღვიძებ და სიზმარი აღმოჩნდება - ცერცვაძე
მაქვს განცდა, რომ გავიღვიძებ და სიზმარი აღმოჩნდება - ცერცვაძე

საქართველომ თავი ჩაიყენა განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რომელიც აბსურდის თეატრს მაგონებს და სიურეალისტურ განცდას მიქმნის, რომ გავიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ სიზმარია. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ეს რეალობაა - შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ახლი შემთხვევების შემცირებული რაოდენობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და "მეხუთე ტალღა" ისე დაიწყო, მეოთხეც არ დასრულებულა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო "მეხუთე ტალღა". "მეხუთე ტალღა" დაიწყო ისე, რომ "მეოთხე ტალღა" ბოლომდე არ ჩამთავრებულა. ყოველდღიურად 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველის შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძის თქმით, მართალია, გარდაცვალების შემთხვევები ავადობის შემთხვევებთან შედარებით დაბალია, მაგრამ თუ ვითარება არ შეიცვალა, გარდაცვალების მაჩვენებლიც მოიმატებს.

„თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება ძნელი იქნება და გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს“ - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მოსახლეობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უარს ამბობს ვაქცინაციაზე, სამაგიეროდ, უარს არ ამბობს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე, დაბადების დღეების აღნიშვნასა თუ სხვა ტიპის თავყრილობებზე.

"ბოლო 5 დღეა ვაქცინირებულთა რაოდენობა 4-5 ათასია, რაც მიზერულია, კატასტროფაა. ამ რაოდენობიდანაც ძირითადად მეორადი აცრებია. პირველად აცრაზე ადამიანები თითქმის არ მოდიან.

გასაგებია, რომ ანტივაქსერული განწყობა ძლიერია, სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ გახდება იძულებული, რომ შეზღუდვები შემოიღოს და ეს შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს. კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. სულ 45%-ია მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია. მოსახლეობა კატეგორიულად არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე - ქორწილებზე, ქელეხებზე, დაბადების დღეებზე და ამას დაემატა პოლიტიკური მიზნით შეკრებები. 14-ში იყო 30 თუ 40 ათასიანი მიტინგი, მობილობა იყო, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები. ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა. სხვას რას უნდა მოველოდეთ? მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system