თავში

,,მასთან ფართო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ" - თენგიზ ცერცვაძე

,,მასთან ფართო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ" - თენგიზ ცერცვაძე
,,მასთან ფართო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, მანანა ჯებაშვილს პასუხობს.

,,ქალბატონმა მანანა ჯებაშვილმა ა.წ. 21 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი, სადაც იგი ტრადიციულად ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის მხრივ უმძიმესი სიტუაციაა და ქვეყანა COVID პანდემიას ძალიან ცუდად მართავს.

განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის და შესაბამისად რიგ საკითხებში განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ქ-ნ მანანას უდიდეს პატივს ვცემ მისი გამორჩეული პიროვნული და პროფესიული ღირსებების გამო. ამიტომ მე მასთან ფართო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ და მინდა მხოლოდ გამოვხატო ჩემი მოსაზრება მისი პოსტის ერთ-ერთ პუნქტზე.

ქ-ნი მანანა ამბობს, რომ „საქართველოში არსებული სიღატაკე, შიმშილი და არასრულფასოვანი კვება პირდაპირ აისახება მოსახლეობის იმუნიტეტზე, რაც ამძიმებს პანდემიის მიმდინარეობას და ხშირად იწვევს კოვიდით დაავადებულთა ლეტალურ დასასრულს“.

COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის ეფექტიანობის ყველაზე ობიექტური და პრაქტიკულად ერთადერთი კრიტერიუმია COVID-19-ით ყველა დადასტურებული შემთხვევას შორის გარდაცვლილთა პროცენტი, ე.წ. CFR (Case fatality rate). სადღეისოდ საქართველოში ეს მაჩვენებელი არის 1,29% - 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიაში (2,88%), ესპანეთში (2,16%), საფრანგეთში (2,34%), რუსეთში (2,01%); თითქმის 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში (3,39%), საბერძნეთში (3,45%), ბრიტანეთში (2,94%) და ა.შ. და საერთოდ ეს მაჩვენებელი (CFR) საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის 45 (ორმოცდა ხუთ) ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს უშუალო მეზობლებში - რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე და სასტუმროში) COVID-19-ით სიკვდილობა ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის ლამის ყველაზე დაბალია (სულ 41 შემთხვევა, მაშინ როდესაც მაგ. ბრიტანეთში 7 ათასამდე ასეთი შემთხვევაა). ესეც COVID-19-ით პაციენტთა ნაკადების წარმატებული კლინიკური მართვის მაჩვენებელია.

არავინ დავობს, რომ საქართველოში სიღარიბის დონე უფრო მაღალია, ხოლო შემოსავლები გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ისიც სიმართლეა, რომ ეს ფაქტორები წესით ნეგატიურად უნდა აისახებოდეს მოსახლეობის იმუნიტეტზე და ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობის სიმძიმეზე (მათ შორის სიკვდილობაზე). ასეთ შემთხვევაში ჩნდება ძალიან ლეგიტიმური კითხვა - ყველაფერ ამის მიუხედავად რატომ არის საქართველოში COVID გარდაცვალების გაცილებით დაბალი პროცენტი (რისი ეჭვის ქვეშ დაყენებაც შეუძლებელია). მაშინ, როდესაც ქ-ნ მანანას და არა მარტო მისი ლოგიკით (სიღატაკე, შიმშილი, დაქვეითებული იმუნიტეტი და ა.შ.) პირიქით უნდა იყოს. ეს ხომ ობიექტური რეალობაა და რაღაც სერიოზული ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს. მე პირადად სხვა ახსნა არა მაქვს, გარდა იმისა, რისი აღიარებაც ჩვენს ოპონენტებს ცოცხალი თავით არ უნდათ - რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების ნაკადების კლინიკური მართვა და პაციენტების მოვლა და მკურნალობა კარგად არის ორგანიზებული, უკეთესად, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში. თუ ქ-ნი მანანა ან ნებისმიერი ვინმე სხვა ამაში არ გვეთანხმება და განსხვავებული ახსნა აქვს, იქნებ გაგვიზიაროს, ოღონდ სოლიდურად და არგუმენტირებულად და არა ემოციურად და დემაგოგიურად - მაგალითად, „როგორ ვბედავთ, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ვედრებით“ და ა.შ.

P.S. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, რომ საქართველოს ჯანდაცვა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ევროპის და ამერიკის გავითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტში მათზე უფრო წარმატებული ვიყოთ. ამის ძალიან კარგი მაგალითი, COVID-19-ის კლინიკური მართვის გარდა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაა", - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system