
მეორე დღეა საქართველოში კორონავურუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. გარდა ამისა, განკურნებულთა ჯამური რაოდენობა, უახლოვდება სტაციონარებში ამჟამად მყოფ პაციენტთა რაოდენობას.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, თუ პროცესი ასე გაგრძელდება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ დაბრკოლება გადალახა და ეპიდემიას დაძლევს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და თუ ასე გაგრძელდება, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაბრკოლება გადავლახეთ. ვნახოთ, რა იქნება, პროგნოზირება რთულია. თუ ჩვენ სწორად მოვიქცევით ყველა, მთელი ვერტიკალი და მოსახლეობა, იმედია, ასეთ მონაცემებს შევინარჩუნებთ და ეს ალბათ იქნება საწინდარი იმისა ვთქვათ, რომ გარკვეულწილად ალბათ ეპიდემიას დავძლევთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275-ს შეადგენს.
ინფიცირებულია 615 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 5002 მოქალაქე რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 485 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.