
სტეფანწმინდის რაიონის სოფელ ჯუთაში მწვერვალზე ასვლისას საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა. საჭირო გახდა მაშველების დახმარება. ამასთან დაკავშირებით ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაზარალებულთა დასახმარებლად განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამოქმედო ჯგუფი გაფრინდა. მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს. ისინი ამჟამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ.