თავში

მე-3 ქვეითი ბრიგადის ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

მე-3 ქვეითი ბრიგადის ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა
მე-3 ქვეითი ბრიგადის ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ გააცილეს. თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

"მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება), გერმანიის ნაცვლად, საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system