თავში

მედიაზე თავდასხმის შემთხვევების ზრდა საგანგაშოა - სახალხო დამცველი

მედიაზე თავდასხმის შემთხვევების ზრდა საგანგაშოა - სახალხო დამცველი
მედიაზე თავდასხმის შემთხვევების ზრდა საგანგაშოა - სახალხო დამცველი

საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინონ რეაგირება ჟურნალისტების მიმართ 5-6 ივლისს და შემდგომ პერიოდში გამოვლენილ თოთოეულ დანაშაულებრივ ქმედებასთან და სამართალდარღვევასთან დაკავშირებით და გაასაჯაროვონ შედეგები, მათ შორის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირების (ორგანიზატორების) გამოვლენისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიმართულებით.

"საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ამასთან, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა მსგავს შემთხვევაზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება არ ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მომხდარა ორგანიზატორი პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება, რაც დაუსჯელობის სინდრომს წარმოშობს.

აღნიშნულის შედეგად საფრთხე ექმნება ჟურნალისტური საქმიანობას, ამასთან უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ამან შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედის წარმომადგენლებზე და უბიძგოს თვითცენზურისკენ, რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი, პლურალისტური და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით. სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებები და მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია მიმართავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა და ჟურნალისტებზე ძალადობა, საზოგადოებას მისცენ კარგი მაგალითი, არ მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია, მიუხედავად მათი კრიტიკული მოსაზრებებისა და საჯაროდ დაგმონ მათ მიმართ ჩადენილი მსგავსი ფაქტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system