თავში

მეტროს თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია - "ერთობა 2013"

მეტროს თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია - "ერთობა 2013"
მეტროს თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია - ერთობა 2013

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, "ერთობა 2013-ის" ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფკავშირში ინფიცირების ჯაჭვის გასაწყვეტად მკაცრ შეზღუდვებს ითხოვენ.

"ახლა არსებული სიტუაცია არის ურთულესი, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროფკავშირები "ერთობა 2013" მოითხოვდა თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები. მათივე თქმით, ეს განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს. ისინი შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებენ, რადგან მათ ვირუსთან პრევენციასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები არ გაითვალისწინეს.

"სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, ერთობა-2013-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება, რაც გულისხმობდა დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემანქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა.

ასევე, მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის კოვიდის ტესტები ჩაეტარებინათ, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითი იყო, დამშვიდებული და "ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თანამშრომლების ინფიცირების წყაროდ", -  აღნიშნავს "ერთობა 2013" Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system