თავში

მეუფე ზოსიმეს მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე წილკნის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

მეუფე ზოსიმეს მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე წილკნის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზოსიმეს მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე წილკნის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის ეპარქიიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„დაუშვებელია ამგვარი დისკრედიტაცია პიროვნებისა, რომლის უკანაც დგას ეპარქია და მის ლოცვა-კურთხევას მინდობილი სამწყსო. დაუშვებელია მით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტი არ არსებობს, გარდა გაბოროტებული „სასულიერო პირების“ ბრალდებებისა, რომელთა მთავარ მიზანსაც წლების წინ მეუფე ზოსიმეს პოლიტიკაში აქტიური ჩართვა წარმოადგენდა" - ნათქვამია განცხადებაში. ბრალმდებლების სიცრუეს მათ მიერ განვლილი გზაც ადასტურებს: მათ თავიანთი მომავალი არა ღვთის სიტყვის ქადაგებას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკლესიის ლანძღვასა და კრიტიკას დაუთმეს. ადამიანმა, რომლის სახელითაც ზემოხსენებული „მღვდლები“ საუბრობენ, დიდი ხნის წინ ითხოვა შენდობა და მოინანია თავისი ცილისმწამებლური საქციელი. დღეს, როდესაც მსგავს ბრალდებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უყენებენ, ამ თემის ხელახლა წამოჭრა პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მრევლში შეირყეს წმინდა ფასეულობა, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია" - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში. 

განცხადების ავტორები საქართველოს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას მიმართავენ და "სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ, რათა შეწყდეს მსგავსი ცილისწამება".

მათივე თქმით, საქმე ეხება 31 წლის წინანდელ მოვლენებს და თუ მღვდელმთავარი ასეთ ცოდვაში იყო შემჩნეული, შეუძლებელი იქნებოდა მას შემდეგ ერთხელ მაინც არ დაფიქსირებულიყო მსგავსი ფაქტი. 

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო თანადგომას უცხადებს ჩვენს უხუცეს და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს და მადლობას უხდის იმ უდიდესი საეკლესიო აღმშენებლობისა და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, რომელსაც წლებია, იგი ეპარქიაში დაუღალავად ეწევა. მეუფე ზოსიმეს მიერ განვლილი გზის შედეგია ჩვენს მხარეში სულიერი ცხოვრების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა. მეუფე ზოსიმე არის ეპარქიის დიდი მოამაგე, რომელიც ჩუმად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და ამას, წლებია, საზოგადოება ხედავს. მის ირგვლივ არასოდეს ყოფილა მსგავსი ცილისწამება, მეუფის მოღვაწეობა თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისაგან. 35 წელზე მეტია, იგი ღირსეულად მიუყვება მღვდელმთავრის გზას და, გთხოვთ, თავი შეიკავოთ იმ ტალახის სროლისაგან, რომელიც ვერასოდეს შეურაცხყოფს მართალი ადამიანის სახელს. 

ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას და ნუ ჩავდგებით ცილისწამების უმძიმეს ცოდვაში, - ნათქვამია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის განცხადებაში.  

1988 წლელს მომხდარი სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძემ  ფეისბუქზე დაწერა . მან კონკრეტული პირის სახელი და გვარიც დაასახელა, რომელზეც ამბობდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი "სოდომურად თავს დაესხა" სვეტიცხოვლის რეზიდენციაში. მისივე თქმით, მსხვერპლი საპატრიარქოს მხრიდან ზეწოლას განიცდის. 

თავად სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორი, მეუფე ზოსიმე კი ამტკიცებს, რომ ყოფილი სტუდენტები, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, "ვიღაცების წაქეზებით" მოქმედებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system