თავში

მეზვრიშვილი: შეზღუდვებს ვაწესებთ არასაჭირო ღონისძიებებზე, რომლებიც ნაკლები ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის

მეზვრიშვილი: შეზღუდვებს ვაწესებთ არასაჭირო ღონისძიებებზე
მეზვრიშვილი: შეზღუდვებს ვაწესებთ არასაჭირო ღონისძიებებზე, რომლებიც ნაკლები ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის

წლის დასაწყისში შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორი სათანადოდ მოგვემზადებინა და დღეს ჩვენ უკეთ მომზადებულები ვართ ყველა თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების კიდევ ერთ მიზანი ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება იყო, დღეს კი შეზღუდვები აბსოლუტურად სხვა ლოგიკით წესდება.

„მკაცრი შეზღუდვებით, რომლებიც პრაქტიკულად სოციალური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო, გარკვეული რისკები შეექმნა ეკონომიკას. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ წერტილოვნად, ლოკალურად ვაწესებთ შეზღუდვებს იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება. სტრატეგია განსხვავებულია. რატომ დავაწესეთ შეზღუდვები სხვადასხვა რიტუალურ ღონისძიებაზე - ქელეხებზე, ქორწილებზე და ა.შ?! ჩვენ შეზღუდვებს ვაწესებთ ისეთ არასაჭირო ღონისძიებებზე, რომლებიც შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია ეკონომიკისთვის. მაშინ ჩვენ უნდა გავაჩეროთ ყველა სხვა სფერო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა, რითაც კიდევ ერთხელ დიდი ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას, ამას ქვეყანა უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. ამიტომ, ვმოქმედებთ იმის მიხედვით, რისი შესაძლებლობაც არის და რისი რესურსიც ქვეყანას გააჩნია. მარტივ მაგალითს მოვიყვან - ვერ გავაჩერებთ კვების ობიექტს, იმიტომ რომ პირველადი საჭიროების მოთხოვნილებაა, მაგრამ მოდით, თავი შევიკავოთ ქორწილისგან, დიდი ნადიმებისგან, რომელიც არ არის საჭირო და შეგვიძლია, არ გავაკეთოთ დღეს და გავაკეთოთ ხვალ. სხვა სფეროები ვერ ჩერდება, რადგან სასიცოცხლო მნიშვნელობისა და საჭიროებისაა. 

გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ქორწილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ უკმაყოფილების პარალელურად, დღეს მაგალითად 5 შემთხვევა, ანუ ერთ კლასტერი ქორწილს უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი ხომ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ეს ყველაფერი რეალურ დაკვირვებას ეფუძნება. მთავარია, დავიჯეროთ, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა და როცა მთავრობა გვეუბნება, რომ ამ სფეროში პრობლემაა და თავს ცოტა თვითშეზღუდვები დავუწესოთ, ეს თვითშეზღუდვები საკუთარ თავს დავუწესოთ. იმის გამო, რომ ჩვენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თავს არ ვიკავებთ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, შემდეგ ვბრუნდებით ოჯახებში და ვქმნით იმის რისკებს, რომ ვირუსი გადავდოთ ხანდაზმულ ადამიანებს. ამიტომ, დღეს ამ ყველაფრისგან თავი უნდა შევიკავოთ, პირბადეები ვატაროთ იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ვისთვისაც ვირუსის გადადების შემთხვევაში შეიძლება გაცილებით სავალალო შედეგები დადგეს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system