თავში

მინისტრი: მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტები ბინაზე იმკურნალებენ

მინისტრი: მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტები ბინაზე იმკურნალებენ
მინისტრი: მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტები ბინაზე იმკურნალებენ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მკურნალობას სახლში გავივლიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, იანვრიდან, როდესაც დაფიქსირდა ეს ვირუსი, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ეს დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ეს დაავადებულთა 80%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას სახლში გაივლიან“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სიმპტომების მქონე პაციენტმა თავდაპირველად უნდა დარეკოს 112-ზე, რის შემდეგაც მას გადაამისამართებენ საჭიროებისამებრ და დაიგეგმება მოქმედების ტაქტიკაც.

„თუ ადამიანს აქვს გარკვეული სიმპტომი, ექიმი აძლევს მას რეკომენდაციას, გადაიყვანონ ის სტაციონარში თუ შემდგომი მონიტორინგი მოხდეს ბინაზე. ეს არის სქემა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვგეგმავთ მუშაობას. პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) გამოაქვეყნა, რომელიც განკუთვნილია პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის – ოჯახის ექიმებისთვის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტებისთვის, პედიატრებისთვის და პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე ნებისმიერი პროფესიონალისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფექციის მსუბუქი/საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში; 15%-ში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 5%-ში – ძალიან მძიმედ (კრიტიკულად). სრულიად ასიმპტომური ინფექცია ძალზედ იშვიათია (მოლეკულური ტესტირებით დადებითი შემთხვევების 1%-ზე ნაკლები). დოკუმენტის თანახმად, მსუბუქად მიმდარე დაავადების მქონე პაციენტების მართვა ბინაზე განხორციელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system