თავში

მინისტრის მოადგილე: საკარანტინო შეზღუდვები კიდევ დიდხანს გაგრძელდება

მინისტრის მოადგილე: საკარანტინო შეზღუდვები კიდევ დიდხანს გაგრძელდება
მინისტრის მოადგილე: საკარანტინო შეზღუდვები კიდევ დიდხანს გაგრძელდება

„რა თქმა უნდა, კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს გაგრძელდება,"- ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა. ის საზღვრების გახსნას გამოეხმაურა. თამარ გაბუნიას თქმით მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია.

„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობა საზღვრების გახსნის თემას. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ეპიდემიური სურათი, ის, რომ დღეში ერთეული შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, უკავშირდება იმას, რომ საზღვარზე ძალიან აქტიური კონტროლი ხდება. პრაქტიკულად, ჩვენთან იმპორტირებული შემთხვევები ყველა იდენტიფიცირებულია. მიმოსვლის გახსნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ეპიდემიურად ისევ წითელ ზონაში ან მაღალი რისკის მატარებლები არიან, რა თქმა უნდა, რისკის შემცველია. ამიტომ ჩვენ ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად და როგორი ინტენსივობით გააქტიურდება მოგზაურობა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ იმ ქვეყნის ეპიდემიურ სტატუსს.

კარანტინის მექანიზმი მოქმედებს. ყველა მოგზაური, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში, იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუ სხვა ქვეყნის, ექვემდებარება ორკვირიან კარანტინს, თვითიზოლაცია განიხილება მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ეხება დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ წარმომადგენელს, ან როდესაც ადამიანს აქვს ისეთი კლინიკური მდგომარეობა, რომ ვერ დარჩება კარანტინში, მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლის პირობები.

სხვა შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ბიზნეს მიზნებისთვის ჩამოდის ადამიანი, იქ ერთვება მოთხოვნა ტესტირების შესახებ და შემდეგ ხდება ინდივიდუალურად მისი ბიზნეს აქტივობის იმგვარი ხელშეწყობა, რომ დაცული ვიყოთ ინფექციის გავრცელებისგან.

რა თქმა უნდა, კარანტინის მექანიზმი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. უნივერსალურად საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს. ამიტომ დღეს ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეპიდემიური რისკი“, - განაცხადა გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system