თავში

მოძრაობა “ლელო” განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვს

მოძრაობა “ლელო” განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვს
მოძრაობა “ლელო” განათლების პოლიტიკის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას ითხოვს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო" სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს, რომელიც განათლების პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე იმუშავებს. აღნიშნული მოთხოვნით მოძრაობის წევრებმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. 

“ლელოს” წევრები მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის მონაცემებს გამოეხმაურნენ, სადაც საქართველოს შედეგები 2015 წელთან შედარებით ყველა ნაწილში, მათ შორის მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წიგნიერებაში, გაუარესებულია.

"ლელოს წევრის" ირაკლი კუპრაძის თქმით, ჯგუფის მუშაობაში ჩართული უნდა იყოს არამხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არამედ ოპოზიცია, სახალხო დამცველი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი.

“ჩვენ ვხედავთ პოლიტიზირებულ სკოლებს და რესურს ცენტრებს, რომლებიც ცდილობენ პარტიულ საქმიანობაში ჩართონ მასწავლებლები. ჩვენ მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდიდან ინფორმაცია, რომ 12 000 ბავშვი არ დადის სკოლაში და გასულია ამ საჯარო სიკეთიდან. სახელმწიფო, რომელიც არ უზრუნველყოფს საკუთარ მოვალეობებს, ის ემხრობა სოციალური უთანასწორობის გაღვივებას საჯარო სივრცეებში. არ შეიძლება განათლების პოლიტიკა დამყარებული იყოს მხოლოდ მინისტრის გადაწყეტილებაზე და ყოველი მინისტრის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდეს ეს გადაწყვეტილება და ექსპერიმენტული შედეგების ქვეშ ვცხოვრობდეთ და ვამყოფებდეთ ახალ თაობას. ეს არის განათლების სისტემის კრიზისი, რომელზეც პასუხი უნდა ჰქონდეს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე მკაფიო და მტკიცე პროტესტი ქართულ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით მაჩანჩალა ქვეყანა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ “ქართულ ოცნებას” და განათლების სამინისტროდან ველოდებით პასუხს სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას, აქციებს, მანიფესტაციებს და სისტემის დახსნას ამ ჭაობიდან”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, „ლელოს” ერთ-ერთი წევრის საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემა ბავშვებს ვეღარ ამზადებს თანამედროვე გამოწვევებისათვის. 

„იმ პოლიტიკური კრიზისის მიღმა რომელიც დღეს ქვეყანაში მძვინვარებს, იმალება რეალური პრობლემა და ეს პრობლემაა განათლების სისტემა. ამ პრობლემაზე კიდევ ერთხელ მიგვანიშნა „პისის“ კვლევის შედეგებმა, სადაც საქართველო არის ბოლო ადგილზე. სიტუაცია არის კრიტიკულად მძიმე. მოვედით აქ რომ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ აი ამ მძიმე სურათს, რომლის მიხედვითაც 12 000 ბავშვი არის სასკოლო განათლების გარეშე. ჩვენი სკოლები არის დაუცველი, სადაც შესაძლოა, ბავშვი ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს. ამ სისტემაში გამოუსადეგარია სახელმძღვანელოები და მთლიანად სასკოლო განათლება ვეღარ ამზადებს თანამედროვე ადამიანს ცხოვრების გამოწვევებისთვის. მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ამ პრობლემაზე ყურადღება და მოვუწოდოთ განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები გრძელვადიანი და ქმედითი განათლების რეფორმისათვის. გამოსავალი არის ის, რომ განათლების რეფორმა გაიწეროს უკვე გრძელვადიან პერიოდზე და ამის ზედამხედველობა გადავიდეს მთავრობის გარდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დღემდე გამოცვლილია ხუთი მინისტრი, სადაც ჩვენ წლების განმავლობაში სრულიად ვერ მოვახერხეთ ამოგვეხსნა ის ხედვა რაც მათ ჰქონდათ“- განაცხადა ლელოს წევრმა საბა ბუაძემ. 

PISA-ს კვლევის თანახმად, ბოლო 3 წელიწადში საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი გაუარესდა. კერძოდ, შედეგი გაუარესებულია მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წიგნიერებაში. ამ მაჩვენებლით მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს: ბელარუსია, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, ყაზახეთი და ალბანეთი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system