თავში

მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე - გიორგი ფხაკაძე

მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე - გიორგი ფხაკაძე
მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას მიმართავს. მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რის გამოც სასწრაფოდ ზომებია მისაღები. 

"თქვენ ახლა მართავთ ქვეყანას. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, თქვენი თამადობით, რომ არჩევნებს ატარებთ ოქტომბერში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება წინასაარჩევნო უპირბადო შეხვედრები, მიტინგები, თავყრილობები და, სამწუხაროდ, ეს უფრო გაართულებს ვითარებას.

გავიმეორებ - შეიძლება, ბევრ რამეში არ გეთანხმებოდეთ, მაგრამ ახლა უმთავრესია, ქვეყანას რა სჭირდება - თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ვარ ღია და უანგაროდ დაგეხმარებით. არ მაინტერესებს არც თქვენი თანამდებობა, არც ხელფასი, არაფერი საერთოდ, ოღონდ ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.

21-ე საუკუნეა, არსებობს ზუმი, ტელეფონი და ა.შ... ახლაც იმდენი ქვეყანის პროექტებში ვარ ჩართული. საქართველოს უანგაროდ დავეხმარები. არც ტენდერია გამოსაცხადებელი და ჩემი საკონსულტაციო თანხებიც დაგეზოგებათ. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს, დაგეხმარებით. დასაკარგი დრო არ არის.

გთხოვთ, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. გასაგებია, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, არ გვინდა სახელების დასახელება...იგივე კლინიკურ ჯგუფთან, ვაქცინაციის საბჭოსთან დაკავშირებით მაქვს პრეტენზიები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სიამოვნებით უანგაროდ დაგეხმარებით ყველას, არავისი არაფერი მინდა.

საქართველოს მთავრობას ვეტყვი, რომ ბევრი შეცდომა დაუშვით, მაგრამ თქვენ ახლა მართავთ ქვეყანას და თქვენზეა პასუხისმგებლობა. გავიმეორებ - პერსონალურად არავისთან პრობლემა არ მაქვს, ერთადერთო, რაც მინდა, არის ის, რომ ქვეყანა იყოს უფრო ადეკვატურად დალაგებული. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.

არ გვინდა ახლა კარგის და ცუდის გარჩევა. არ არის ახლა ამის დრო. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ სიცოცხლეებზე. მეორე დღეა, დღეში 26 ადამიანის სიცოცხლეს გვართმევს ვირუსი. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურზე აღარ ვსაუბრობ.

მე ვიყავი პირველი, ვინც მეოთხე ტალღაზე დავიწყე საუბარი, სამწუხაროა, მაგრამ დაახლოებით 2 კვირაში ჩვენ ნოემბრის ინფიცირების ციფრებს მივუახლოვდებით.

რაც შეეხება ვაქცინაციას - კარგია, რომ ასაკი 16 წლამდე ჩამოსწიეს. მე მაინც რეკომენდაციას გავუწევდი „ფაიზერის“ ასაკის 12 წლამდე ჩამოწევას, როგორც აშშ-ში.

ასევე მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე - როგორც მე გითხაით, ფაიზერი საქართველოში ჩამოვა, მაგრამ არა იმდენი, რომ მთელ მოსახლეობას ეყოს. უნდა ავცრათ 3 მლნ ადამიანი, რომ ვირუსი კი არ გავაჩეროთ, შევაჩეროთ.

ყველა, ვინც გაიკეთეთ ჩინური ვაქცინა, მაგრები ხართ, რადგან აჩვენეთ, რომ რადგან სხვა არჩევანი არ იყო, ეს მაინც გაიკეთეთ.

კი, კვლევებით, ჩინურის 2-3 თვეში ეფექტურობა ვარდება, ამიტომ უნდა ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითები. ერთი დოზა ჩინურის შემდეგ უნდა აიცრათ ფაიზერით, თუ ფაიზერი არ არის, მეორე დოზა ისევ ჩინური, მაგრამ მესამე აუცილებლად ფაიზერი.

არ გვინდა ერთმანეთისთვის გადაბრალება იმ ხალხის მხრიდან, ვინც ვაქცინაციის პროცესს მართავს. შექმნილი მძიმე ვითარება ყველას ბრალია, ალბათ, ჩემი ბრალიც არის, რომ კიდევ უფრო მკაცრი არ ვიყავი მოთხოვნებში.

ტელევიზიები. ხალხის ინფორმირებულობის მხრივ, კარგ საქმეს აკეთებთ და ახლა თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ვიტყვი - ყოველ 30 წუთში უნდა შეახსენოთ მოსახლეობას პირბადის საჭიროებაზე . დამირეკეთ, როცა გინდათ, ვისაუბროთ, რომ როგორმე ხალხს გავუკეთოთ პირბადე. ვიცი, სიცხეა, მაგრამ რეანიმაციაში წოლას პირბადე ჯობს. თბილისში კლინიკებში რეანიმაციებში ადგილი არ არის.

უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system