თავში

მშობლებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ - მინისტრის მოადგილე

მშობლებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ - მინისტრის მოადგილე
მშობლებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ - მინისტრის მოადგილე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ 15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, სადაც მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. აღნიშნულ თემაზე მან სამინისტროში ბრიფინგზე ისაუბრა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიაწოდა. სკოლები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და განსაკუთრებით გამოყო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

დასწრებითი სწავლების პირობებში სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. შესაბამისად, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში მისაღებად სრული მზაობა აქვთ. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგის ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

შეგახსენებთ, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი თუ მთლიანად სკოლა გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system