თავში

მსოფლიოში ჩინოვნიკად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

მსოფლიოში ჩინოვნიკად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო
მსოფლიოში ჩინოვნიკად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

1918 წლის შემოდგომაზე ქართული პრესა სიამაყით წერდა:

“...აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევა. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს…”

ახლახანს, თბილისში, მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველ მუსლიმი ქალის მემორიალური დაფა თავისუფლების მოედანზე მდებარე სკამებზე, განთავსდა. 

მემორიალური დაფაზე, რომელიც თბილისის მაზრის ერობის ხმოსან, ფარიხან (ფარი ხანუმ) სოფიევას ეკუთვნის, ქართულ და ინგლისურ ენებზე წერია, რომ  ფარიხან სოფიევა მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველ მუსლიმი ქალია. 

ფარიხან სოფიევა 1884 წელს, საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალარში დაიბადა. ფარიხან სოფიევა, 9 შვილიან ოჯახში ერთადერთი გოგო იყო.   

ეს შავ-თეთრი ფოტო, ფარიხანის ერთადერთი გამოსახულებაა, რომელიც დღემდე შემორჩა. მიუხედავად იმისა, რომ სოფიევა აქტიური პერსონა იყო და დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა, მასზე ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვება. 

1918 წლის 26 მაისს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.  ტიფლისის გუბერნიის ყარაჯალარის ოლქიდან, 34 წლის ფარიხან სოფიევამ, დანარჩენ კანდიდატებს არჩევნები მოუგო. მისი გამარჯვება დასტურია, რომ სოფელში ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

როგორც ამბობენ, მისი რიდი მთელს გუბერნიაში ჰქონდათ. 

ფარი-ხანუმის მშობლიურ სოფელ ყარაჯალარში, მისი სახელი უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს. “ჩი-ფარი” (კაცი-ფარი) - ასე მოიხსენიებენ მოხუცები სოფლის და მხარის “მატრიარქს”.

ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები ამავე სოფელში ცხოვრობენ. მათთვის დიდად მოულოდნელი არ იყო მკვლევართა ინტერესი წინაპრის კვალის მიმართ. მისი გამორჩეული ბუნება და საქციელი დღემდე აკვირვებს ყველას.

ყველა ძირითადი ცნობა, რისი გარკვევაც შევძელით ფარი-ხანუმის შესახებ, მისი ძმის შთამომავლების, ბეკ-ზადე სოფიევისა და რავშანდა სოფიევას ზეპირ გადმოცემებს ეფუძნება, რომელიც სოფლის სხვა უხუცესებმაც დაადასტურეს.

მათი გადმოცემით, ფარი-ხანუმი სოფიევების ძლიერი და გავლენიანი ოჯახის მესამე ქალიშვილი იყო. ოჯახში რამდენიმე ძმა იყო, თუმცა ადრეული ასაკიდანვე მათში ხელმძღვანელის და ლიდერის ფუნქცია ფარი-ხანუმმა დაიჭირა. მისი სიტყვა და საქციელი იმდენად ავტორიტეტული გახდა, რომ მთელი ოჯახი მას ემორჩილებოდა. მალე ფარი-ხანუმის გავლენამ ოჯახის ფარგლებს გარეთ გააღწია.

დროთა განმავლობაში იგი სოფლის და მხარის აღიარებულ ლიდერად იქცა, რომელიც ძირფესვიანად ამსხვრევდა ტრადიციულ საზოგადოებაში მუსლიმი ქალის შესაძლებლობების შესახებ არსებულ სტერეოტიპს. გადმოცემით, ფარი-ხანუმი მუდამ მამაკაცების წრეში ტრიალებდა და სასოფლო საქმეებს განაგებდა. მასთან ყოველთვის დადიოდნენ რჩევის საკითხავად, იწვევდნენ სხვადასხვა დავებში შუამავლად, ტრადიცული წეს-ჩვეულებების თუ რიტუალების ხელმძღვანელად. მისი სიტყვა და საქმე გადამჭრელი იყო, იმდენადაც კი, რომ მას ტრადიციული საზოგადოების უხუცესები - “აღსაკლებიც” აღიარებდნენ და ემორჩილებოდნენ.

ფარი-ხანუმი ქველმოქმედიც იყო, მუდამ ეხმარებდა ახალდაქორწინებულ ოჯახებს და გარდაცვლილი თანასოფლელების ობლებს. ბუნდოვანი გადმოცემით, 1910-იან წლებში მას სამეურნეო ინიციატივაც წამოუწყია, რისთვისაც სესხი სახელმწიფო ბანკიდან ჰქონია აღებული. თანასოფლელები მას მიაწერენ რკინიგზის ხაზზე სადგურის მოწყობას სოფელ ყარაჯალარისათვის.

მუსლიმი ქალის “იმიჯს” ასევე საშინლად არღვევდა ფარი-ხანუმის ჩვევა - შთამომავლების გადმოცემით იგი ჩიბუხს ეწეოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია დღესაც კი. თუმცა, ამავე დროს, ფარი-ხანუმმა ყურანის კითხვაც იცოდა და მას მუდამ იწვევდნენ რიტუალებზე წმინდა წიგნის წასაკითხად.

ცნობილია, რომ ერობის წევრობისას მან მშობლიურ სოფელში რკინიგზის სადგურის აშენებას მიაღწია. 

1921 წელს, საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად, ეროვნული კრების წევრების ქონება დაყადაღდა. ფარი ხანუმის ახლობლების ინფორმაციით, მას საბჭოთა კავშირი და საბჭოთა სისტემა ეზიზღებოდა. სტალინის რეპრესიების დროს, სოფიევას 8 ძმიდან 5 დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს. მათი გვამები დღემდე არ არის ნაპოვნი. 

როგორც ცნობილია, ფარიხან (ფარი ხანუმ) სოფიევა 1953 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი ძმისშვილი დააკავეს და გადაასახლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system