
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, გლდანის რაიონში, ზაჰესის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.
ინსპექციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 3 ფაქტი გამოვლინდა, რომლებზეც მოკვლევა ერთი თვის წინ დაიწყეს.
„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟი დაიწყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.