თავში

ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა
ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ძირითადი მიზეზი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობაა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტშია აღნიშნული, რომელიც დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

"პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – წერია ანგარიშში. 

ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 2016 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა: 

2015 წელი - 5 936 ბენეფიციარი; 2016 წელი - 21 645 ბენეფიციარი; 2017 წელი - 14 791 ბენეფიციარი; 2018 წელი - 10 206 ბენეფიციარი. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ცე ჰეპატიტის მართვაზე ბიუჯეტიდან 15.4 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ათვისებულ იქნა მხოლოდ 4 741 000 ლარი, დანარჩენი თანხა კი, გადანაწილდა სხვა პროგრამებზე. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის აპრილში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტი მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენა იქნება.

ერთი ადამიანი C ჰეპატიტისგან განსაკურნებლად საჭირო მედიკამენტების ღირებულება, დაახლოებით, 80 ათას აშშ დოლარს აღწევს, რაც სიძვირის გამო მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ არის. პროგრამაში ჩართული ყველა პაციენტი უფასოდ იღებს მედიკამენტებს. 

C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system