თავში

ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ

ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ
ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ

პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, ასევე ნარკოდამოკიდებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელი ხაზის, 111-ის დახმარებით, ბავშვები და მათი ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და ფსიქოთერაპევტთან უფასო კონსულტაციას გაივლიან. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

აღნიშნული სერვისი, საჭიროების მქონე პირებს, როგორც ერთჯერადად, ასევე სურვილის შემთხვევაში, მრავალჯერადად მიეწოდებათ.

„აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული პრობლემის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კონსულტაციის სერვისი, უკვე არსებულ, ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზს დაემატა.

ცხელი ხაზის სიახლეებს და მუშაობის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი დღეს ადგილზე გაეცნენ. ისინი ცხელი ხაზის ოპერატორებს პირადად შეხვდნენ და მონიტორინგის შედეგები განიხილეს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ნებისმიერს საკითხს აერთიანებს, იქნება ეს ძალადობა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები. 111-ის ოპერატორები სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარებიან,”- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ცხელი ხაზი - 111, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში შეიქმნა და 1 მაისიდან ფუნქციონირებს. ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს ბავშთა ფონდის დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობით შეიქმნა და ის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს.

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ახორციელებს ინდივიდუალური და სიტუაციური რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system