თავში

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეუშვეს

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეუშვეს
ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეუშვეს

2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. ამის შესახებ report.ge-ს ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს. 

მათივე განმარტებით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში. აღსანიშნავია, რომ სკოლაში პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან. ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში იმყოფებიან და იქ ელოდებიან ბავშვებს. აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე, სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში , რომელიც მეუფე სპირიდონის ეპარქიაშია, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს 2021 წლის 15 აპრილს შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად ეს დაწესებულება შემოწმდეს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2015, 2018 წლებში სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმები აისახა, საქართველოს მთავრობამ მათი შესვლა ბავშვთა დაწესებულებაში არ უზრუნველყო. 2020 წლის 20 ივნისიდან კი, პანსიონატში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი შესულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system