თავში

"პირდაპირ გეტყვით, შოკში ჩამაგდო..." - ნიკა ქავთარაძე

"პირდაპირ გეტყვით, შოკში ჩამაგდო..." - ნიკა ქავთარაძე
პირდაპირ გეტყვით, შოკში ჩამაგდო... - ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

მსახიობი და ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კორონავირუსის შესახებ წერს.

"ერთ რაღაცაზე მინდა აზრი გაგიზიაროთ.

როცა ჩვენთან კოვიდი გაჩნდა, გაჩნდა აზრიც - ეგ მარტო მოხუცებს და ქრონიკულ ავადმყოფებს კლავს. პირდაპირ გეტყვით, შოკში ჩამაგდო ამ დამოკიდებულებამ.

მტერი, ხომ მაშინაა კიდევ უფრო საშიში და საზიზღარი, როცა ყველაზე სუსტებს გიკლავს. ბრძოლის ველის გარდა, ღამით რომ შემოდიოდეს სახლში და იმათ ხოცავდეს მძინარეს, ვინც ომში ვერ წავიდა - ასაკის ან ავადმყოფობის გამო.

მაშინვე უნდა მივმხვდარიყავით, რომ სწორედ ამ მიზეზის გამოა კოვიდი საშინელება.

მაგრამ სოლიდარობა მოვკალით და დავიჯერეთ - ჩვენ არა, სხვებს მოკლავსო.

შევეშვათ კოვიდს.

როცა ვინმეს კლავენ, ეგრევე იწყება საუბარი - ეგ ჩვენნაირი არ იყო და მაგიტომ მოკლეს. ნუ ვიქნებით ეგეთი და არავინ მოგვკლავსო.

თავს ვირწმუნებთ, ან ვიტყუებთ, რომ საფრთხე სხვაგანაა და ჩვენამდე არ მოაღწევს. ვეძებთ მსგავს ამბებს სხვა ქვეყნებში, რომ უსირცხვილოდ ვიყვიროთ - ეგეთები ყველგან ხდება. რაც უფრო შორიდან მოვიყვანთ მაგალითებს, მით უფრო მოგვწონს.

ვაჯერებთ ერთმანეთს, რომ პრობლემა არ არსებობს და ჩვენ თუ “ჭკვიანად” მოვიქცევით, არაფერი მოგვივა.

ამ ორივე შემთხვევაში მნიშვნელობას ვუკარგავთ სიცოცხლეს, კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც შეწყდა.

რომ არ დავიზაროთ, ცოტა შევწუხდეთ და დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ გარდაცვლილის ოჯახის, მეგობრების და ახლობლებისთვის, ახლობლის სიკვდილი სტატისტიკა არაა, ეს არის ტრაგედია. საშინელი და განუმეორებელი ტრაგედია.

ახლა წარმოიდგინეთ ამ მგდომარეობაში მყოფი ადამიანისთვის როგორი მოსასმენია “რას იზამ, სხვაგანაც ხდება”, “ალბათ რამე სჭირდა და მაგიტომ მოკვდა”.

სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრება, სადაც ადამიანის სიცოცხლეს მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს. სადაც ტკივილი, დამცირება, უსამართლობა, უფულობა, უიმედობა, ყოფის ძირითადი ნაწილია.

მაგრამ ამის შეცვლა თითოეული ჩვენგანის გონებაში უნდა მოხდეს პირველ რიგში. ჩვენ უნდა შევძინოთ ერთმანეთის სიცოცხლეს ფასი.

ეს კი მხოლოდ თანადგომით, სოლიდარობით, ჭირის და ლხინის გულწრფელი თანაზიარობით არის შესაძლებელი.

“სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი” - სასირცხვილო ქცევა უნდა იყოს.

ასეთ მომენტებში სულ ერთი ამბავი მახსენდება. თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ავიაკატასტროფა ჩემთვის იყო კინოსავით. ჩემი ტვინი არ უშვებდა ამ ტრაგედიის შესაძლებლობას. მეგონა, რომ ეს მხოლოდ სხვაგან და სხვას შეიძლება მოსვლოდა.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ ალბათ “ამის” ბრალი იყო, ალბათ “ის” მოხდა. რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და ხანდახან თუ ჩამოვარდა, ეს სტატისტიკას ვერაფერს უზამს.

ასე ვფიქრობდი ერთ საშინელ დღემდე.

12 წლის წინ, თეირანიდან ერევანში მიმავალი თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და ყველა მგზავრი დაიღუპა. გაქრა, აორთქლდა. 150-ზე მეტი ადამიანის სხეულის ერთი ნამცეციც კი არ დარჩა.

ერთერთი იყო ჩემი უსაყვარლესი ბიძა, დედაჩემის ძმა - გივი ჭკადუა.

ახლა რამხელაც მე ვარ, ზუსტად ამ ასაკის.

ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი და ტრაგედია დამეხმარა წარმომედგინა იმ ათეულობით ოჯახის ტკივილი, რომლებმაც დაკარგეს დედები, მამები, შვილები, ბიძები, დეიდები …

ვიფიქროთ ერთმანეთის სიცოცხლეზე.

ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლეზე.

ვიყოთ ადამიანები.

ეგებ ასე გალღვეს ის ყინული, რომელიც გულში გვაქვს და მერე ამ წყალმა ცხელი ტვინიც გაგვიგრილოს", - წერს ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system