თავში

პირდაპირ ეთერში მესროდა, ამას ნახავდნენ ჩემი ოჯახის წევრები - მძევალი ტყვეობის 7 საათს იხსენებს

პირდაპირ ეთერში მესროდა, ამას ნახავდნენ ჩემი ოჯახის წევრები - მძევალი ტყვეობის 7 საათს იხსენებს
პირდაპირ ეთერში მესროდა, ამას ნახავდნენ ჩემი ოჯახის წევრები - მძევალი ტყვეობის 7 საათს იხსენებს

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლად ყოფნის პერიოდში მედიას თავდამსხმელის მოთხოვნების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას, გათავისუფლების შემდეგ მომხდარის დეტალებს იხსენებს. 

მისი თქმით, თავდამსხმელი მოზომილად იქცეოდა და მისი მთავარი მოტივაცია არა ვინმეს მოკვლა, არამედ ფულის მიღება იყო.  თუმცა, კვარაცხელია ასევე რაუდობს, რომ ის მზად იყო მძევლები დაეხოცა, თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით არ წარიმართებოდა. 

"ეს ადამიანი იქცეოდა ძალიან მოზომილად. აგრესიული იყო ზუსტად იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ ჰქონოდა. ჩვენც, მძევლები მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ უფრო კომუნიკაბელური გაგვეხადა ის და უფრო ემოციური დამოკიდებულება გვქონოდა, რომ მას გაჭირვებოდა ცეცხლის გახსნა, თუმცა ის მზად იყო მძევლები მოეკლა, თუ ყველაფერი ისე არ წავიდოდა, რასაც მისი გეგმა გულისხმობდა. მაღალი ალბათობით მუქარას სისრულეში მოიყვანდა. თუმცა ის არ ელტვოდა იმას, რომ ვიღაც მოეკლა, ჩემი აზრით ის არ იყო ცივსისხლიანი მკვლელი. როდესაც მისი ულტიმატუმის ვადა იწურებოდა, მან "მთავარ არხთან" კომუნიკაცია მთხოვა, რაზეც მე თავდაპირველად უარი ვუთხარი, რადგან შესაძლოა მას რამის დამტკიცების სურვილი ჰქონოდა და შეიძლებოდა ჩემთვის პირდაპირ ეთერში ესროლა, ამას ნახავდნენ ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები, რაც იქნებოდა კატასტროფა. თუმცა მან მითხრა, რომ ამაზე არ ენერვიულა, რადგან ასეთი რამის გაკეთებას არ გეგმავდა" - განაცხადა კვარაცხელიამ. 

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system