თავში

პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტს აქვეყნებს

პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტს აქვეყნებს
პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტს აქვეყნებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საქართველოს პროფესიული კავშირების მოთხოვნისა, აქამდე არ ყოფილა ადგილობრივი წარმოება წახალისებული და ამასთან დღემდე არ არსებობს შრომით ურთიერთობებში შრომითი უფლებების განხორციელებაზე ზედამხედველი ეფექტური სახელმწიფო ორგანო.

“საქართველოს მშრომელები ისე, როგორც მსოფლიოს 210 ქვეყნის დასაქმებულები, 2020 წლის პირველ მაისს, უჩვეულოდ რთულ, კრიზისულ და არაპროგნოზირებად გარემოში ხვდებიან. სოლიდარობის და შრომით ურთიერთობებში სამართლიანობის დამკვიდრებაზე უპირატესად დღეს, უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩაბმულ მსოფლიოს, ყველა დასაქმებულს ერთი მოთხოვნა აქვს - გადავარჩინოთ სამყარო, გადავარჩინოთ სიცოცხლე - რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, ერთად მოვითხოვოთ და შევქმნათ ღირსეული შრომის გარემო, რის საჭიროებაზეც ასე დაფიქრდა კაცობრიობა და რამაც თვალნათლივ დაგვანახა სოციალურად სამართლიანი გარემოს შექმნის აუცილებლობა. მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა, ცხადყო, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი უფლებების რეგულირებისა და რეალიზების განსაკუთრებული აუცილებლობა და საჭიროება. საქართველო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იყო დამოკიდებული ტურიზმზე. ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ტურიზმის სექტორმა მიიღო, სადაც დასაქმებული იყო 44 ათასი ადამიანი. მათი უდიდესი ნაწილი უმუშევარი დარჩა. უმუშევრად დარჩა ვაჭრობის სექტორში დასაქმებული 100 ათასამდე მოქალაქე. შემოსავლის გარეშე აღმოჩნდა ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს შეუნარჩუნდათ ხელფასი, მიკროავტობუსების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, რომელთა შემოსავალიც ყოველდღიურ გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ. ანალოგიური მდგომარეობაა ტაქსების შემთხვევაშიც, სადაც მძღოლები პლატფორმაზე (აპლიკაციაზე) არიან დამოკიდებული და მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა ან შეწყდა. სამუშაო დაკარგა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უმეტესობამ, მათ შორის ზრუნვის ეკონომიკაში დასაქმებულმა - ძიძებმა, რეპეტიტორებმა, დამლაგებლებმა, მომვლელებმა, რომელთა საერთო რაოდენობა 40 ათასამდეა. ეს არის დასაქმებულთა ის ნაწილი, ვისი უფლებებიც კრიზისის დაწყებამდე ყველაზე ნაკლებად იყო დაცული და რომელთა უდიდეს ნაწილს ქალები შეადგენენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულთა თავდაუზოგავი და ეფექტური შრომა, მათი ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე ასრულებენ შრომით ვალდებულებებს და რომელთა ყოველდღიური დაუღალავი შრომის შედეგია ის დადებითი მაჩვენებლები, რასაც გაფაციცებით ადევნებს თვალყურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მძიმე მეტალურგიაში და სურსათით ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა მაღალი პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მომუშავე ადამიანებს, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად შრომასთან შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურების პირობებში უწევთ მუშაობა.

კიდევ უფრო დამძიმდა ქალების შრომა, რომელთაც საქართველოში ისედაც უთანასწორო გარემოში უწევდათ მუშაობა. ის ქალები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამსახურები, დისტანციური სამუშაო რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით მუშაობენ, რამდენადაც ახლა მათ უკვე პარალელურად უწევთ საოჯახო საქმის დამატებითი დატვირთვით შესრულება, ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე ზრუნვა, შვილების მოვლა, ბაღების და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებების დროებითი დახურვისა და სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის პირობებში.

კრიზისულმა სიტუაციამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოლიდარობის, უნივერსალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება, რასაც ასე დაბეჯითებით და დასაბუთებულად ითხოვდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. დღეს უკვე ნათელია, რომ ადამიანებს, იმისათვის, რომ გადარჩნენ სჭირდებათ შემოსავლით უზრუნველყოფა, რაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა. ქვეყნის ხელისუფალთ თავის დროზე რომ დადებითად გადაეწყვიტათ პროფესიული კავშირების ისეთი ინიციატივა, როგორიცაა უმუშევრობის შემწეობის დაწესება, დღეს ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში აღარ დასჭირდებოდა, ასეთი ოდენობით, როგორც ფინანსური ისე ადამიანური რესურსების მობილიზება. თვალსაჩინოა, რომ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას, რაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: მიუხედავად საქართველოს პროფესიული კავშირების არაერთგზის მოთხოვნისა აქამდე არ ყოფილა ადგილობრივი წარმოება წახალისებული; დღემდე არ არსებობს შრომით ურთიერთობებში შრომითი უფლებების განხორციელებაზე ზედამხედველი ეფექტური სახელმწიფო ორგანო; არ მიმდინარეობს უმუშევრად დარჩენილი პირების აღრიცხვა, მათი დაცვის მინიმალური სტანდარტების განხორციელების მიზნით; ფაქტობრივად არ არსებობს მინიმალური ხელფასი, რომელიც კერძო სექტორში დასაქმებულებს დღემდე 1999წ. დადგენილ ნიშნულზე ამყოფებს”, - აღნიშნულია მანიფესტში.

გარდა ამისა, პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ გაატაროს ყველა ზომა, რათა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი.

“ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ გაატაროს ყველა ზომა, რათა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს ქვეყნის ძირითადი პრიორიტეტი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დასაქმებულების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ისევე, როგორც არაფორმალური და საქმების ფორმალიზება და ყველა დასაქმებულის - დაცვის თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფა. სამართლიანი ანაზღაურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებულის ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა, ისევე, როგორც კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა. სოციალურ დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უმუშევრობის შემწეობის გარდა, ეფექტიანი საპენსიო რეფორმის განხორციელება და მომავალში სოციალური დაცვის ეფექტური და მდგრადი გარანტიების შექმნა და დანერგვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატულ ნებას ადგილობრივი წარმოების წახალისების შესახებ, ამასთანავე, თავის მხრივ, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქმედითი სოციალური დიალოგის გაძლიერებას, რათა ქვეყანაში დაინერგოს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, შემუშავდეს და განხორციელდეს დასაქმების პოლიტიკა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი უფლებების დაცვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში; შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური დიალოგი, დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის მარეგულირებელი რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი შრომით ურთიერთობებში უსაფრთხოების დაცვისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შრომისინსპექციას უნდა მიეცეს უფლება გააკონტროლოს და შეისწავლოს შრომის უფლებების დარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით დასაქმებული, რომელთა შრომითი უფლებებიც დაირღვა ამ პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა დაისახოს ადგილობრივი წარმოების განვითარება, განსაკუთრებით კი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების წარმოება. არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები უნდა გახდეს ისეთივე დაცვის საგანი, როგორიც ფორმალურად დასაქმებულების შემთხვევაშია.

პროფესიული კავშირების თითოეული წევრი ვაცნობიერებთ რა, მთელი ერის და ზოგადად კაცობრიობის ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობას, მიგვაჩნია, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფით, სამართლიანი ანაზღაურებით და სოციალური დაცვის გარანტიებით მიიღწევა. იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!”- აღნიშნულია პროფესიული კავშირების გაერთიანების მანიფესტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system