თავში

პროტესტი თეა წულუკიანს - "ლიტერას" კონკურსანტები ეთიშებიან

პროტესტი თეა წულუკიანს - "ლიტერას" კონკურსანტები ეთიშებიან
პროტესტი თეა წულუკიანს - ლიტერას კონკურსანტები ეთიშებიან

წელს პირველად ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიურის წევრებიდან ერთი კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნულია. საუბარია იოსებ ჭუმბურიძეზე, ჟურნალისტზე, რომელიც წარსულში გაზეთ “თბილისის” რედაქტორი იყო.

„წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ“, – წერს „ლიტერა“ პრესრელიზში.

სრულად ჟიური მწერალთა სახლის ცნობით, გამოიყურება ასე:

  1. ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი – მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი

კონკურს „ლიტერას“ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტები ეთიშებიან. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, Რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი. 

„ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს,“ – წერს ქევანიშვილი სოციალურ ქსელში.


“ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვე ლიტერატურაცა და ლიტერატურული პროცესიც ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების სარკეა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ცნობილია, როგორც ძალადობის წამხალისებელი, ჰომოფობიის მხარდამჭერი, ზიზღისა და სიძულვილის დამმკვიდრებელი, ასევე კულტურის სამინისტროს მართვისთვის სრულიად არაკომპეტენტური პირი, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ „მწერალთა სახლში“, როგორც ბოლშევიკური წესია, მიავლინა და დანიშნა.

რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა…“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის”, — ამბობს ირაკლი კაკაბაძე.


“თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს. თეა, მიკროფორნი დააბრუნე” – ამბობს რატი მუჯირი.


“4 შერჩეული ერთიც “თეას” დანიშნული ჟიური! – მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს “ლიტერადან”. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია” – წერს დავით ქაშიაშვილი “ფეისბუკზე”.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system