თავში

"ყველამ გონებას მოუხმოს, სიცოცხლისთვის საშიშია" - ნანა გეგეჭკორი ახალი შტამის შესახებ პოსტს აქვეყნებს

"ყველამ გონებას მოუხმოს, სიცოცხლისთვის საშიშია" - ნანა გეგეჭკორი ახალი შტამის შესახებ პოსტს აქვეყნებს
ყველამ გონებას მოუხმოს, სიცოცხლისთვის საშიშია - ნანა გეგეჭკორი ახალი შტამის შესახებ პოსტს აქვეყნებს

ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის ახალი, სამხრეთაფრიკული შტამის შესახებ უამრავ შეტყობინებას იღებს.

მისი თქმით, აღნიშნული შტამის შესახებ ინფორმაცია მწირია და ვერცერთი პასუხი, ამ ეტაპზე, კვლევით ვერ იქნება გამყარებული. 

"ვერ ვპასუხობ ამდენ წერილს კორონავირუსის ახალ შტამზე.

ჯერ არავინ იცის ნიუანსები და შესაბამისად, კვლევებით გამყარებულ პასუხებს ვერავინ გაგცემთ.

გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის, ბოლო-ბოლო დაჯერება, რომ კოვიდი ნამდვილად არსებობს, ის სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა, ყველამ გონებას მოუხმოს და შეამციროს ინფიცირების რისკი. მითუმეტეს, როცა ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არავინაა.

იქნებ დაიჯეროთ, რომ სწორად მორგებული ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა ნამდვილად ამცირებს ინფიცირებას. ეს არაა ცარიელი რწმენა. ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები.

ვაქცინაცია არის უალტერნატივო პრევენცია კოვიდით სიკვდილის. დიახ, ვაქცინაციას აქვს გვერდითი ეფექტები და რისკები, მაგრამ ეს რისკები უმნიშვნელოა კოვიდით ავადობის რისკებთან შედარებით და სწორად დაგეგმილი პროცესისას ყველა გართულება მართვადია. 

არის ახალი წამლები კოვიდის მართვის რაციონში. ამაზე გუშინ მივეცი ვრცელი ინტერვიუ ტვ პულსს და როგორც კი გამოქვეყნდება გაგიზიარებთ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს. კოვიდის მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და იზოლირებულად ვერც ერთი პრეპარატი წარმატებული ვერ იქნება. და ბოლოს... გადარჩენის ერთადერთი გზაა;

ვაქცინა+პირბადე+სოციალური დისტანცია+ჰიგიენა+ძლიერი ჯანდაცვა+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები. ამ ფორმულის ბოლო ორი მდგენელი საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. შესაბამისად პირველ ხუთზე მაინც კონცენტრირდით და გააკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ექიმი ჯადოქარი არაა. ექიმს შეუძლია იყოს მხოლოდ დამატებითი ფაქტორი კოვიდის მართვაში. ძირითადი ფაქტორი ხართ თქვენ და საკუთარ თავს მოსთხოვეთ მაქსიმუმი პირველ რიგში და მხოლოდ ამის მერე შეეძლება ექიმს თავისი წვლილი შეიტანოს თქვენი სიცოცხლის გადარჩენაში... 

P.S. ამ პოსტის ქვეშ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. სამწუხაროდ ძალიან მძიმე დღე მაქვს. მკურნალობის ახალ მეთოდებზე, მართლა ამომწურავი ინფორმაცია იქნება ინტერვიუში" - წერს გეგეჭკორი. 

ცნობისთვის, ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის "ნიუ" ვარიანტი ბელგიაში ზრდასრულ ქალს აღმოაჩნდა, რომელიც სამშობლოში ეგვიპტეში თურქეთის გავლით მოგზაურობიდან დაბრუნებიდან დაბრუნდა. მას ვირუსი 11 დღის შემდეგ დაუდასტურდა. დიაგნოზის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა დაუფიქსირდა. პაციენტი ვაქცინირებული არ არის, ასევე არ აქვს ვირუსი გადატანილი.

კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო ნიდერლანდები სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) 26 ნოემბერს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, საუბარი იქნება იმაზე, კლასიფიცირდება თუ არა ეს შტამი შემაშფოთებელ ვარიანტად (VOC) თუ ინტერესის ვარიანტად (VOI). თუ შტამი ამ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ ჯანმო მას ბერძნული ანბანის ასოს სახით სახელს მიანიჭებს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 260 311 551 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 571 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 40 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 199 480 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 235,287,150 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (48 999 737), ინდოეთი (34 555 431) და ბრაზილია (22 055 608).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system