თავში

რა მოხდა ბათუმის კარანტინში - შსს განცხადებას ავრცელებს

რა მოხდა ბათუმის კარანტინში - შსს განცხადებას ავრცელებს
რა მოხდა ბათუმის კარანტინში - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს. ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო
მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან - შ.თ.-სთან ერთად.

გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.
გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.
ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს ასევე საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს. სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

ამ დროისთვის, დაშავებული ფ.ჯ. იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამინისტროს ცნობით, 27 წლის ბიჭმა სარფის საზღვარი გუშინწინ გადმოკვეთა, რის შემდეგადაც სავალდებულო კარანტინში, თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს. მათივე მტკიცებით, აღნიშნული პირი ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული თავდაპირველად ბათუმის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა გასულ ღამეს ის თბილსიის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. პაცინტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

დაშავებულის მეუღლე აცხადებს, რომ მის მეუღლეს არც ნევროზული და არც რაიმე სხვას სახის ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროსა და სასტუმროს ადმინისტრაციას აკისრებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system