
პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საკანონმდებლო ცვლილებბზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ყველა მოსწავლე, ვისაც გარკვეული ტიპის საჭიროება აქვს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობით ისარგებლებს.
ასეთი საჭიროების მქონე ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგომ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ცვლილებათა პაკეტი დღეს სესიაზე პირველი მოსმენით გადის.
"საქმე ეხება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის ასეთი სასკოლო ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებული იქნებოდა. არსებობს კონკრეტული ფაქტები, არიან მოსწავლეები, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვა და სკოლის აქ დასრულება. ამიტომ ხდება ამ ცვლილებით გათანაბრება მათი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სკოლის დამთავრებასთან," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.