თავში

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

​ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, გარკვეულ ეტაპზე, რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა.

„ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ მთლიანად შეცვალა გაზის მილები, GWP-მ განახორციელა წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა.მეორე ეტაპზე მიწისზედა სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად მიწისქვეშ იქნა ჩატანილი და გზა დაიხაზა. ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი შეიქმნა, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მართალია, პროცესი დიდხანს გაგრძელდა და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, კარგი შედეგით დასრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1,2 კმ სიგრძეზე დაიგო გზის საფარი, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED სანათები. ამ პროექტისთვის ბიუჟეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ არეალში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული სქემაც ამოქმედდება. კანდელაკის ქუჩაზე კერძო ტრანსპორტი, როგორც აქამდე, ახლაც ცალმხრივად, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ორივე მიმართულებით. ნუცუბიძის ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ ავტობუსების და მიკროავტობუსების უსაფრთხო გადაადგილებისთვის ავტობუსის ზოლი დაიხაზება.

N6 და N29 ავტობუსები და N4, N11, N 58, N66, N72, N124, N161 და N208 მიკროავტობუსები ფანჯიკიძის ქუჩის ნაცვლად კანდელაკის ქუჩაზე იმოძრავებენ, რაც ფანჯიკიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობას მნიშვნელოვნად განმუხტავს, ხოლო კანდელაკის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება შეამცირებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობის დროს და საბურთალოს ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურებას გააუმჯობესებს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის კანდელაკის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მოედანზე კუნძული მოეწყო. ავტომანქანების პარკირებისთვის კი, კანდელაკის ქუჩის მთელს სიგრძეზე უკიდურესი მარჯვენა ზოლი გამოიყოფა.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, კომპანია „თბილისი ენერჯისა“და GWP-ს წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system