თავში

რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების განცხადება

რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების განცხადება
რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების განცხადება

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. 

"სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღრმა ტკივილია მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების, დაღუპული და დაზარალებული ადამიანების, დევნილად ქცეული ოჯახების ტრაგედიის ცქერა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კავკასიის სახელმწიფოების განვითარება დიდწილად სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო ფერხდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ მარტივია კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ საუბედუროდ, ურთულესია გამოვლინდეს ნება მათი მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ბოლო 30 წელია კავკასიაში წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან. 

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვისთვისაც ძვირფასია ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით.

თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას. მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 რელიგიური ორგანიზაცია და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები აწერენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system