თავში

,,რკინის ხმა" - პროტესტის 170-ე დღე ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით

,,რკინის ხმა" - პროტესტის 170-ე დღე ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით
,,რკინის ხმა - პროტესტის  170-ე დღე ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით

ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით აქციამ სულ ცოტა ხნის წინ ქუთაისში გადაინაცვლა. მწვავე პროტესტი სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვას მოჰყვა. ჰესის მოწინააღმდეგეებმა ჯებირებზე ხელების ბრახუნით დაგმეს პოლიციის ქმედება და განაცხადეს, ეს არის ხალხის ხმა, რითაც პროტესტს გამოხატავენ. იმის გამო, რომ საავტომობილო გზა გადაკეტილია, მსვლელობა ფეხით მოეწყო.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ხმელიძე report.ge-თან საუბრობს, მათი მიზანია, ,,რკინის ხმა" მთელ საქართველოს გააგონონ და დაგმონ ჰესის მშენებლობა, რომელიც ქვეყნ ინტერესების საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებაა.

,,გვსურს, ჩვენი ხმა მთელ საქართველოს მივაწვდინოთ, არ ვაპირებთ დანებებას. არ გვაშინებს პოლიციის მუქარა, რომ პროპორციულ ძალას გამოიყენებენ. ხალხის ხმას ასე მარტივად ვერ ჩაახშობენ. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, ჩვენი პოზიცია და პროტესტი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაიგოს დანარჩენმა მოსახლეობამ და მეტი ხალხი ჩაერთოს. გვსურს, ამით მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირონ, მშვიდობიანად, რის უფლებაც ლეგიტიმურია. პროტესტის 170-ე დღეა და ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, არ დავუშვებთ, რომ რიონის ხეობაში მასშტაბური ჰესი აშენდეს", - ამბობს ლევან ხმელიძე.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, ვარლამ გოლეთიანის თქმით კი, მოითხოვენ, მთავრობასთან დიალოგი გაგრძელდეს, კერძოდ, შხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და არა ნათია თურნავას, რომელიც ერთხელ უკვე გაიქცა შეხვედრის ადგილიდან.

,,ნათია თურნავასთან დიალოგის სივრცე არ გვრჩება, მან ჩვენთან პოლემიკას უკვე ერთხელ თავი აარიდა და არ გვსურს კიდევ ერთი უნაყოფო, არაფრისმომცემი შეხვედრა შედგეს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ბატონი პრემიერი, უნდა ჩაერთოს პირადად ამ საკითხებში, რადგან უშუალოდ ის იღებს გადაწყვეტილებებს.  კომპანია ,,ენკა" ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ამას თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, ხეობის დასაცავად კი მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ.  ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით გვინდა მივაღწიოთ სამართალს. თუკი ეს პროტესტი არ გამოირებს შედეგს, ჩვენი აქციები გადაინაცვლებს დედაქალაქში და იქიდან გავაგრძელებთ პროტესტს", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი. 

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

როგორც ცნობილია, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით ჩერდება. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი.

მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა თითოეულ კვლევაზე ისაუბროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system