თავში

როგორ ისვენებდა საბჭოთა ელიტა წყალტუბოში - PHOTO

როგორ ისვენებდა საბჭოთა ელიტა წყალტუბოში
როგორ ისვენებდა საბჭოთა ელიტა წყალტუბოში - PHOTO

BBC საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. 

"საბჭოთა კავშირის დაცემამდე, საქართველოს ცენტრალურ დასავლეთში მდებარე პატარა კურორტი წყალტუბო საბჭოთა კავშირის ელიტის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულოარული დასასვენებელი ადგილი იყო. ისინი დიდებული სანატორიუმების სანახავად, სპებითა და მინერალური წყლებით რელაქსაციისთვის ჩამოდიოდნენ", - წერს BBC-ს ჟურნალისტი ტეილორ უეიდმანი.  

სტატიის ავტორის თქმით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამსვენებლებმა ჩამოსვლა შეწყვიტეს. სანატორიუმები დაიხურა, დიდებულმა შენობებმა კი ნელ-ნელა, დაძველება და დაშლა დაიწყო. წლების განმავლობაში ქალაქი იმ ვიზიტორებმა გადაარჩინეს, რომლებიც ნანგრევების დასათვალიერებლად ჩამოდიოდნენ, დღეს კი საბოლოოდ, წყალტუბოს რესტავრაციაზე საუბარი დაიწყეს. საქართველოს ტურისტული სააგენტოების თქმით, ინვესტორებმა მიტოვებული შენობების ყიდვა დაიწყეს და ამ გასაოცარი ადგილების აღდგენასაც მალე აპირებენ. დამსვენებლებს კი ისევ მისცემენ შანსს დაისვენონ, როგორც ამას რუსული ელიტა აკეთებდა. 



რუსული რივიერა

"საბჭოთა კავშირში, ყველა დასაქმებულ ადამიანს სახელმწიფო სანატორიუმში 2 კვირის მანძილზე დასვენების გარანტიას აძლევდა. წყალტუბო განსაკუთრებით პოპულარული საბჭოეთის ელიტური წრეებისთვის თავისი ულამაზესი ხედების, სუბტროპიკული კლიმატისა და ბუნებრივი მინერალებით გამდიდრებული სპების წყალობით იყო. პაციენტებს სჯეროდათ, რომ ბუნებრივი აბაზანების მიღების შემდეგ, სხვადასხვა ისეთი დაავადება იკურნებოდა, როგორიცაა გამონაყარი კანზე, უშვილობა და პარალიზებაც კი", - ნათქვამია სტატაში.



აბაზანა სტალინისთვის

ტეილორ უედმანი ყურადღებას ქალაქის ყველაზე ცნობილი აბაზანა ნომერი 6-ზე ამახვილებს, რომელიც რეკორდულ დროში 4000 მუშის წყალობით აშენდა და 1951 წელს, საბჭოთა კავშირის ლიდერის, წარმოშობით ქართველი იოსებ სტალინის ჩამოსვლას მიეძღვნა. "ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, სტალინმა მოსკოვში დაბრუნებისას თავის მინისტრთა საბჭოს თითოეულ წევრს დაავალა, რომ წყალტუბოში საკუთარი სანატორიუმები და სასტუმროები აეშენებინათ. 1950-იან წლებში საფუძველი 19 სანატორიუმის მშენებლობას ჩაეყარა. 1980-იანი წლებისთვის კი, უკვე დამსვენებლებით სავსე მატარებელი წყალტუბოს სადგურში ყოველ დღე ჩამოდიოდა. საკურორტო მკურნალობით, როგორიცაა ტალახის აბაზანები, სარგებლობა დამსვენებლებს დღესაც შეუძლიათ. აბაზანა ნომერი 6 პრივატიზაციის შემდეგ ფუნქციონირებს და მთლიანად აღდგენილია", - წერს სტატიის ავტორი. 




საშინლად მივიწყებული შენობები 

უედმანი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამსვენებლებმა ჩამოსვლა შეწყვიტეს. დიდებული სანატორიუმები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული, დაიხურა და ათასობით დასაქმებული ადამიანი უმუშევარი დარჩა. ქალაქის ცხრამეტივე სანატორიუმის შენობა დღესაც დგას. მათი უმეტესობა, მაგალითად სანატორიუმი ივერია, მიტოვებულია და მნახველებს მხოლოდ მისი მიტოვებული, ნესტიანი კედლების დათვალიერება შეუძლიათ.



ომის შემდეგ

"1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მხარდაჭერილმა რეგიონმა აფხაზეთმა საქართველოსგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა მოინდომა, რამაც მწვავე კონფლიქტი გამოიწვია. სამოქალაქო ომი 13 თვე გაგრძელდა და 200 000 ეთნიკურ ქართველს აფხაზეთში საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. იმ დროს საქართველოს ეკონომიკა განადგურდა. გადასახლებულ ხალხს კი უფლება მიეცათ, საცხოვრებლად ნებისმიერი მიტოვებული შენობა გამოეყენებინათ. წყალტუბოს სანატორიუმებში ცხოვრებაზე ნამდვილი რიგი დადგა და 920 ოჯახი ამ არატრადიციულ საცხოვრებელში ცხოვრებას დღესაც აგრძელებს", - ნათქვამია სტატიაში.



მეორე ცხოვრება

ავტორი აღნიშნავს, რომ 25 წლის შემდეგ სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო. "საქართველოს ეკონომიკამ სტაბილურად ზრდა დაიწყო და ქვეყანა მისი ტურისტული პოტენციალით უფრო და უფრო მეტად გახდა ცნობილი. მთავრობამ წყალტუბოს აღდგენის გეგმა პირველად 2012 წელს წარმოადგინა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ ბინებს სთავაზობენ და სანატორიუმის შენობებსაც ნელ-ნელა ინვესტორები ყიდულობენ და განსახლებასაც გეგმავენ. ერთ-ერთი ცნობილი სანატორიუმი 2010 წელს პრივატიზირდა და აქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort გაიხსნა. ახალმა მეპატრონეებმა ქონება სტაბილურად გააუმჯობესეს. ისინი რამდენიმე სპას გახსნასაც გეგმავენ.  


წარმოუდგენლად გასაოცარი

"რამდენიმე წლის წინ ახლომდებარე ქალაქების მოსახლეობამ წყალტუბოს არქიტექტურის შემჩნევა და ფოტოების გადაღება დაიწყო. ახლა, ზაფხულის ყოველ შაბათ-კვირას სანატორიუმის შენობების ფონზე საქორწილო ფოტოსესიები იმართება. განსაკუთრებით პოპულარული კი სანატორიუმი მედეას მარმარილოს სვეტების პორტალია. ჩამოსულ დამსვენებლებს კი შეუძლიათ, ახალ სასტუმროში, 4 ვარსკვლავიან TSKALTUBO PLAZA HOTEL-ში დაბინავდნენ", - წერს ჟურნალისტი.



საბჭოთა კავშირის ცხოვრების ნაწილი

ტეილორ უეიდმანის თქმით, მაშ შემდეგ რაც საქართველო ცნობილი გახდამ როგორც დასასვენებელი ადგილი, ვიზიტორები დაინტერესდნენ, როგორ ატარებდნენ აქ დროს საბჭოთა კავშირის წევრები. ტურისტებმა მიტოვებული სანატორიუმების დათვალიერება და ადგილობრივი მუზეუმების სტუმრობა დაიწყეს. მაგალითად, აბანო ნომერ 6-ში პაციენტებს სხვადასხვა პროცედურას სთავაზობენ, სწორედ ისეთივეს, რომელიც იმ დროს პოპულარული იყო. "Legends Tskaltubo Spa Resort-ში კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ რუსი VIP სტუმრების ოთახები, რომლებიც პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. ასევე პატარა მუზეუმი, რომელშიც სასტუმროს საბჭოთა პერიოდში გამოყენებული ნივთებია წარმოდგენილი", - წერს ავტორი. 

სამომავლო პოტენციალი 

"წყალტუბოს მომავალი ნათლად გამოიყურება. ქვეყნის მთავრობის ტურისტული სექტორის თქმით წყალტუბო სტაბილურად ვითარდება. 2015-2018 წლებში ამ იდილიურ ქალაქში მნახველების რაოდენობა გაორმაგდა. ინვესტორებმა სანატორიუმების Meshkakhte და Iveria აღდგენა და რენოვაცია დაიწყეს. წყალტუბოს ტურიზმის ცენტრი გზებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მომსახურე პერსონალის მომზადებას გეგმავს. როგორც ჩანს, წყალტუბოს მემკვიდრეობა, როგორც ელიტარული მოედანი, პოსტსაბჭოთა ხანაში მეორე სიცოცხლეს მიიღებს", - წერია სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system