თავში

ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას ონლაინ კინოჩვენებებს სთავაზობს

ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას ონლაინ კინოჩვენებებს სთავაზობს
ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას ონლაინ კინოჩვენებებს სთავაზობს

ეროვნული კინოცენტრი ერთვება 16 დღიან გლობალურ კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის წლევანდელი თემაა „საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში“. კინოცენტრი მაყურებელს თემატური ქართული ფილმების ონლაინ ჩვენებებს 27, 28 და 29 ნოემბერს შესთავაზებს. ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს.

,,ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერებისა ამაღლებისა და მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი მსოფლიო მასშტაბის კამპანია 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

27 ნოემბერს კინოჩვენებების პროგრამას გახსნის მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ (2018). ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე. ეს არის ორი ქისტი გოგონას – იმანისა და ევას მეგობრობის ისტორია. კინო მათი ახალი და დიდი შთაბეჭდილებაა, რომლის შთაგონებით მოკლე ფილმების გადაღებას იწყებენ. გოგონები ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, რომელიც ბევრმა მამაკაცმა დატოვა…

28 ნოემბერს მაყურებელი იხილავს რუსუდან ჭყონიას მხატვრულ ფილმს „გაიღიმეთ“ (2012). 10 ქალი, რომელთა უმეტესობაც მოსახლეობის ღარიბ ფენას მიეკუთვნება, დედების სილამაზის კონკურსის მოგებას ცდილობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

29 ნოემბერს ონლაინ კინოჩვენებების პროგრამას დახურავს მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“(2017). ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც „დედე“ ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმი მოგვითხრობს სვანი გოგონას შესახებ, რომელიც მისი ნების წინააღმდეგ დაგეგმილი ქორწინების ჩაშლას ცდილობს, სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ონლაინ კინოჩვენებები გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში, ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 22:00 საათზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system