თავში

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უქმე დღეებთან და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებას ეხმიანება. მათი განცხადებით, საყოველთაო უქმე დღეების გამოცხადება არ იყო მართებული გადაწყვეტილება, ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, მანკიერი პრაქტიკა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დასაქმებულთა უფლებების ხელყოფა.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საყოველთაო უქმე დღეების გამოცხადება არ იყო მართებული გადაწყვეტილება, რამდენადაც იმთავითვე ცხადი გახდა, რომ მოსახლეობისთვის გადაუდებელი სერვისების (ჯანდაცვა, კვება და ა.შ.) უწყვეტობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივად, შეუძლებელი იყო ყველა სფეროში შრომითი საქმიანობის შეჩერება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა, აღნიშნული დადგენილების მოქმედებისგან გამონაკლისების დაწესების საკითხი, რაც განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (№01-137/ნ – №1-1/586 – 2-1274) 2020 წლის 31 დეკემბერს. სამწუხაროდ, აღნიშნულ პროცესში არ იყო ჩართული საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და შედეგად მივიღეთ ნუსხა, რომელიც კვლავ იძლევა დამსაქმებლების მიერ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების საშუალებას და შესაბამისად, არღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს. განსაკუთრებით ეს ეხება ჩანაწერს უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოების ანუ იმ საწარმოების შესახებ, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება. შექმნილი მდგომარეობის გამო მიგვაჩნია, რომ გარდა იმ გამონაკლისი სექტორებისა, რომელზეც არ ვრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №698 დადგენილება, შრომითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს შრომის მარეგულირებელი სტანდარტებით, რაც გულისხმობს დასაქმებულის თანხმობით ზეგანაკვეთურ შრომას გაზრდილი ტარიფით. აღნიშნული გამომდინარეობს ამავე შრომის კოდექსის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, უქმე დღეებში მუშაობა ითვლება ზეგანაკვეთურ შრომად. შესაბამისად, ცხადია, კანონმდებლის მიზანია, რომ დასაქმებულის მიერ უქმე დღეების განმავლობაში მუშაობა დააკომპენსიროს ზეგანაკვეთური ანაზღაურებით. ვთვლით, რომ ანალოგიური სტანდარტი უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ამ კანონით გათვალისწინებულ იმ უქმე დღეებზეც, რომელსაც ადგენს საქართველოს მთავრობა. მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი, ისედაც არათანაბარ და მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს დასაქმებულს, რამდენადაც ის დამსაქმებელს უფლებას აძლევს, მოთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო დასვენების დღეს შეასრულოს. ესეც იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებულს ისედაც კვირაში მხოლოდ 1 დასვენების დღე აქვს. რაც შეეხება უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის საწარმოებს, ანალოგიურად მიგვაჩნია, აუცილებელია მისი განმარტება, რაც გულისხმობს, რომ ასეთი ტიპის საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მას შემდეგ, რაც ასეთი მნიშვნელობის საწარმოს იდენტიფიცირება მოხდება, აუცილებელია დასაქმებულთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, რა დროსაც ცალკეულად უნდა შეფასდეს, ამ კონკრეტულ პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულის საქმიანობა, რამდენადაა უშუალოდ დაკავშირებული პროცესის უწყვეტობასთან და არ უნდა გავრცელდეს ის უპირობოდ, საწარმოს ყველა დასაქმებულზე,“- ნათქვამია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთანებამ საქართველოს მთავრობას და შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას - საქართველოს შრომის ინსპექციას მიმართა და მოუწოდა ზემოაღნიშნული კანონმდებლობის სწორ შესრულებას პრაქტიკაში სისტემატური ზედამხედველობა გაუწიოს და ამისთვის მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა. მათივე განმარტებით, პროფკავშირების გაერთიანება მზადაა, ყველა დასაქმებულს, რომელსაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, შესაბამისი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system