თავში

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

2020 წლის 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მღვდელ-მონოზვნების – იერონიმესა (ქათამაძე) და ირინეოსის (შენგელია) მიერ შესრულებულ ე.წ იაკობის ჟამისწირვას საპატრიარქო განმარტებით ეხმაურება და მღვდლების დასჯას მოითხოვს, რადგან ისინი ყინწვისში განსხვავებულად შეიმოსნენ და წირვაც განსხვავებულად აღავლინეს. 

„ამასთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსული შეკითხვები ძირითადად ასეთია: იყო თუ არა სწორი არატრადიციული სამოსით (CASULA) წირვის ჩატარება, ასევე: – მსახურება საკურთხევლის გარეთ და რამდენად ნებადართული იყო ყოველივე ეს?

განვმარტავთ:

სამღვდელო CASULA არასოდეს ყოფილა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებული შესამოსელი, მით უმეტეს, უძველეს დროში. იგი რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ძირითადად XIII-XV საუკუნეებიდან მკვიდრდება და შემდეგ სხვა დენომინაციებშიც ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს მოიხმარებოდა.

ამდენად, არამართლმადიდებლური ტრადიციის სამოსის უძველეს მართლმადიდებლურ შესამოსლად წარმოჩენა და მსახურებაში გამოყენება, დაუშვებელია.

რაც შეეხება მეორე საკითხს:

ქართულ ენაზე არსებობს იაკობის ჟამისწირვის რამდენიმე რედაქცია, მაგრამ საიდღეისოდ მისი გამოყენებისათვის სათანადო კომისიის მიერ შეჯერებული ტექსტი და წეს-განგება ჯერ არ გვაქვს.

საღმრთო ჟამისწირვა არის საზოგადო-საეკლესიო მსახურება და, ამასთან, ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობის მთავარი გამომხატველი. ამიტომ არცერთ მღვდელმთავარს არ აქვს უფლება, განსხვავებული სახის მსახურების დანერგვისა, თუ ამაზე, როგორც აღვნიშნეთ, არ იქნა სათანადო კომისიის დასკვნა და წმინდა სინოდის თანხმობა (გამონაკლის შემთხვევებზე ლოცვა-კურთხევა გაიცემა კათოლიკოს-პატრიარქისგან). წმინდა სინოდის მიერვე უნდა დადგინდეს ნებისმიერი ცვლილება საუფლო წირვასთან მიმართებაში; იაკობის ჟამისწირვასთან დაკავშირებით კი ასევე უნდა განისაზღვროს კონკრეტული დღეები მისი აღსრულებისთვის.

ჩვენთან ხელნაწერების საფუძვლიანად შესწავლა მიმდინარეობს და შესაძლებელი გახდება წმინდა იაკობ მოციქულის მსახურების სრულყოფილად განახლება. ეს აუცილებელი და საშური საქმეა, მაგრამ ვიდრე ესა თუ ის საკითხი კვლავაც საკამათოა და არ გვაქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე, მისი ჩატარება არის თვითნებობა და დაუშვებელი, რათა არ დამკვიდრდეს არასწორი წესი.

ცნობილია, აღნიშნული მსახურება დიდი ხნის მანძილზე თითქმის არ სრულდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის საქართველოში. მისით დაინტერესება ძირითადად ბოლო საუკუნეებში მოხდა. ამასთან, მიჩნეულია, რომ იერუსალიმური ტრადიციის ამ ჟამისწირვის უძველესი რედაქციები ყველაზე სრული სახით ქართულ ხელნაწერებშია დაცული. ამიტომაც მართებული მსახურების აღდგენისათვის ისინი წარმოადგენს ფასდაუდებელ ლიტურგიკულ წყაროს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

არსებული მასალა ადასტურებს, რომ სასულიერო პირთაგან ამ წირვის აღსრულება ხდებოდა მხოლოდ ტაძრის საკურთხეველში. საკურთხევლის გარეთ კი მისი ჩატარება, აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია.

ამდენად, მღვდელ-მონოზონთა – იერონიმესა და ირინეოსის – ქმედებები არის ყოვლად გაუმართლებელი და საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება.

ვიმედოვნებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც ისინი არიან, ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ მიმართულ მათ ამ და სხვა ქმედებებზე მოახდენს სათანადო რეაგირებას, რათა ეს და მსგავსი ცთომილებები აღმოიფხვრას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, მღვდელმონაზონმა იერონიმემ facebook-ზე პოსტი და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერდა:

"დღეს, წმ. თომა მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში, აღესრულა წმ. იაკობ მოციქულის ჟამისწირვა, უძველესი ქართული წეს-განგების მიხედვით.

იაკობ მოციქულის ჟამისწირვა საქართველოს ეკლესიის ძირითად ლიტურგიას წარმოადგენდა, ვიდრე მე-11 საუკუნემდე, როდესაც ჩვენში, ხმარებაში დამკვიდრდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები, თუმცა ამ უძველესი წესის ლიტურგიას ინარჩუნებენ ბერძნული და სლავური ადგილობრივი ეკლესიები და მოხარული ვართ, რომ ჩვენს ეპარქიაში, ჩვენი მმართველი მღვდელმთავრის კურთხევით, აღდგა ეს უძველესი იერუსალიმური ჟამისწირვის წესი".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system