თავში

საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასოდეს უვლია

საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასოდეს უვლია
საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასოდეს უვლია

საქართველოში 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს სკოლაში არასოდეს უვლია. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბავშვები, რომლებსაც სკოლაში არასოდეს უვლიათ, მოსახლეობის 1.7%-ია - მათ არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები არ არსებობდა, ასევე, არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად. სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის სექტემბერში დამტკიცდა.

"სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში; ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ". – წერია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system