თავში

საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების მდგომარეობა - TDI-ის კვლევა

საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების მდგომარეობა - TDI-ის კვლე
საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების  მდგომარეობა - TDI-ის კვლევა

TDI-ის ახალი კვლევა 2020-2021 წლებში, საქართველოში მცხოვრები უცხოელების უფლებრივ მდგომარეობასა და მათზე კოვიდპანდემიის გავლენას შეისწავლის. 

უცხოელ სტუდენტებს არაერთი პრობლემა შეექმნათ როგორც სასწავლო პროცესთან, ისე მოქალაქეობის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. იმ სტუდენტებმა, რომლებსაც პანდემიის პერიოდში ეკონომიკური თუ სხვა გარემოებების გამო ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ვერ შეძლეს უკან დაბრუნება. პრობლემას ქმნიდა უნივერსიტეტების გადაწყვეტილებებიც დისტანციური სწავლებიდან სასწავლო პროცესის საუნივერსიტეტო გარემოში გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. გარკვეულ ეტაპზე სწავლება უნივერსიტეტებმა დისტანციურ რეჟიმში გადაიტანეს, თუმცა შემდგომში კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს. ვითარების შეცვლა პირდაპირ აისახა უცხოელ სტუდენტებზე, რომელთაც უჭირთ დროულად საქართველოში დაბრუნება პანდემიის, მგზავრობასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების და ეკონომიკური მდგომარეობის გამო. 

2020 წლის 9 სექტემბერს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” შევიდა შესაბამისი ცვლილება და განისაზღვრა უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები. საქართველოში შემოსვლის მიზნით უცხოელები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ ელექტრონული წესით საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – StopCov.ge სპეციალურ პროგრამაში აპლიკაციის შევსების გზით.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშე ინდოელი სტუდენტები და ზოგადად, ინდოეთიდან შემოსვლის მსურველი პირები აღმოჩნდნენ – იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322-ე დადგენილეით 2021 წლის 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებსა და ინდოელ სტუდენტებზე განსხვავებული პირობები დაწესდა. კერძოდ: ა) ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, საქართველოში ვიზიტამდე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს და ასევე დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს; ბ) ცვლილებით განისაზღვრა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით; ბ) ამასთან ერთად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს საზღვარზე, ხოლო შემდგომ დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ახალი რეგულაციები საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ისინი დროულად არ უზრუნველყვეს სათანადო ინფორმაციით. 14 აპრილს, გამომგზავრებამდე, სტუდენტებმა ახალი რეგულაციების შესახებ არაფერი იცოდნენ. იმავე დღეს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარა. დამატებითი ხარჯის სახით თითოეულ დღეზე მათ 150 ლარის გადახდა მოუხდათ.

TDI მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ ზედმეტად მკაცრი, არაპროპორციული და დისკრიმინაციულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system