თავში

სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს საგამოძიებო მიმართულება დაემატება

სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს საგამოძიებო მიმართულება დაემატება
სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს საგამოძიებო მიმართულება დაემატება

ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის გამოწვევას წარმოადგენდა სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, თუმცა ვფიქრობთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების ამოქმედება, იქნება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით და ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მეგობარი ქვეყნების ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმირების დიდი გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და სახელმწიფო ინსპექტორი იყო დემოკრატიული რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც ყველა შევთანხმდით და ერთობლივი ძალისხმევით გადავდგით ეს ნაბიჯი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღჭურვილია საგამოძიებო ფუნქციებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ წარმატებები უსურვა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას და სამსახურის ახალ თანამშრომლებს, რომლებსაც მისი განცხადებით დიდი მისია აკისრიათ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, სამართალდამცველებისა და მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას მოიცავს.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system